"თავისუფალი დემოკრატები": გურიის გუბერნატორმა რეგიონის განვითარება პოლიტიკური "დასუფთავებით" დაიწყო

"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ. როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "თავისუფალი დემოკრატების" რეგიონალური სამსახურის უფროსმა თამარ კეკელიძემ განაცხადა, გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვახტანგ ზენაიშვილი უსამართლოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. დღესვე თამარ კეკელიძემ ზენაიშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება წარმოადგინა.

"ეს არის გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომელშიც მიზეზს ვერც ერთი თქვენგანი ვერ ამოიკითხავს. როგორც ჩანს, გურიის ახალმა გუბერნატორმა გია სალუქვაძემ რეგიონის განვითარება პოლიტიკური "დასუფთავებით" დაიწყო და ლანჩხუთის რაიონში მეტი პრობლემა ვერ აღმოაჩინა", - განაცხადა თამარ კეკელიძემ.

მისივე თქმით, პარტიის მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ ეს არ არის პირველი შემთხვევა. მისი თქმით, სამწუხაროდ, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების დევნამ და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციამ კამპანიური ხასიათი მიიღო.

"ცოტა ხნის წინ ახალციხის სასამართლომ უკანონოდ გათავისუფლებული "თავისუფალი დემოკრატების" წევრი უკვე აღადგინა საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ. გუშინ ბათუმში გაიმართა ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, "თავისუფალი დემოკრატის" ასლან კახიძის სასამართლო, რომელიც ასევე პოლიტიკური ნიშნით იქნა გათავისუფლებული. ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ დავუპირისპირდებით უსამართლობას და ყველა საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. ლანჩხუთის მოსახლეობას კი ვპირდებით, რომ ვახტანგ ზენაიშვილი მალე დაუბრუნდება თავის საქმიანობას", - განაცხადა თამარ კეკელიძემ.

თავად გათავისუფლებულმა ვახტანგ ზენაიშვილმა კი აღნიშნა, რომ გამგებელმა ის დაიბარა და შესთავაზა ან უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, ან პარტიიდან უნდა წასულიყო.

"მანამდე არასდროს, არათუ რაიმე გაფრთხილება, შენიშვნაც კი არ ყოფილა ჩემის საქმიანობის შესახებ. ვფიქრობ, ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, პოლიტიკური დევნა", - განაცხადა ვახტანგ ზენაიშვილმა.