ვენეციის კომისიის წარმომადგენელი:   მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა ხიფათს შეიცავს

ვენეციის კომისიის წარმომადგენელი: მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა ხიფათს შეიცავს

მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია კვლავ კრიტიკულია. როგორც ვენეციის კომისიის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განყოფილების უფროსი რუდოლფ შნუც დური აცხადებს, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა ლახავს მოსამართლეთა უფლებას და შეიცავს ხიფათს მათი დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ამის შესახებ ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის იმ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც სასამართლო ხელისუფლების და პროკურატურის საკითხებზე მუშაობს. ჯგუფის გასვლითი სხდომა გუდაურში მიმდინარეობს.

რუდოლფ შნუც დურის განმარტებით, როდესაც მოსამართლე უვადოდ დანიშვნამდე გარკვეული გამოსაცდელი ვადით არის დანიშნული, არსებობს საფრთხე იმისა, რომ არსებული კონიუნქტურა მასსა და მის მიერ მისაღებ გადაწყეტილებაზე გავლენას მოახდენს.

დურის აზრით, მოსამართლედ არ შეიძლება იყოს დროებით დანიშნული ადამიანი და მისი გამოცდა სხვა ფორმებით უნდა ხდებოდეს.

ვენეციის კომისიის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია პირის მოსამართლედ დანიშვნამდე მოხდეს მისი კარგი შერჩევა და ამ თვალსაზრისით, შერჩევის კრიტერიუმები იყოს ზუსტი და დახვეწილი.

მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკითხზე საუბრისას რუდოლფ შნუც დურიმ განაცხადა, რომ გარკვეული რისკების მატარებელია მოსამართლეებისთვის პრემიების დანიშვნა და მათი ბინებით უზრუნველყოფა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს რამდენიმე ექსპერტი იღებს მონაწილეობას.