საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციისთვის აღებული ტექნიკური ვალდებულებების 100 %-ით შესრულება ძნელი არ იყო

საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციისთვის აღებული ტექნიკური ვალდებულებების 100 %-ით შესრულება ძნელი არ იყო

რიგის სამიტისგან მქონდა ძალიან მაღალი მოლოდინი და სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინი გამიცრუვდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციისთვის აღებული ტექნიკური ვალდებულებების 100 %-ით შესრულება ძნელი არ იყო.

"რიგის სამიტისგან მე მქონდა ძალიან მაღალი მოლოდინი და სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინი გამიცრუვდა. ახლა არაფრის მოლოდინი აღარ მაქვს. მე დღეს ვნახე ის შესწორებები, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა, რომ ევროკავშირმა დეკლარაციაში შეიტანოს 4 მიმართულებით – ევროპული პერსპექტივა, ვიზები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და ე.წ. ხელშეკრულებების არაღიარება და მისი დაგმობა. თუ ამ 4 საკითხიდან არც ერთი არ მოხვდა დეკლარაციაში, ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ნიშნავს, რომ ამაზე ნამუშევარი არ იყო. რაც შეეხება ვიზას და ევროპულ პერსპექტივას, ჩვენ ძალიან ნათლად გვითხრეს, რომ შესასრულებელი გვაქვს კიდევ ბევრი რეფორმა და თუ კრიტერიუმებს არ დავაკმაყოფილებთ, არ იქნება უვიზო მიმოსვლა. გარდა ამისა, ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოდ გვითხრეს, რომ თუკი ასოცირების შეთანხმებას ვერ გამოვიყენებთ და არ ვაჩვენებთ, რომ უკვე რაღაც წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით, შემდეგ ნაბიჯს, ანუ ევროპულ პერსპექტივას არ უნდა ველოდოთ. ერთიც და მეორეც - კრიტერიუმების არშესრულება და ასოცირების ხელშეკრულების არაჯეროვნად ამოქმედება არის საქართველოს მთავრობის მარცხი და ეს არის მიზეზი იმისა, რომ რიგაში პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

მე მქონდა მოლოდინი, რომ საქართველო ტექნიკურ მხარეს 100 %-ით შეასრულებდა, რადგან ეს არ იყო ძნელი. მეგონა, რომ არ მივცემდით საბაბს ევროკავშირს, ტექნიკური მიზეზით გადაედო რაიმე სახის წინსვლის აღიარება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.