"დოიჩე ველემ" საქართველოში გერმანული კომპანიების საქმიანობაზე სიუჟეტი მოამზადა

გერმანული ტელეკომპანიის ინფორმაციით, გერმანულმა კომპანიებმა საქართველო აღმოაჩინეს და მას კავკასიაში ბაზრების კარიბჭედ მიიჩნევენ.

გერმანული ტელეკომპანიის სიუჟეტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად რთული ეკონომიკური პრობლემებისა, გერმანული კომპანიები საქართველოს სწორედ ასე აღიქვამენ. საქართველოში გერმანიის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი მარტინა შვარცი აღნიშნავს, რომ მოსხლეობის პრო-ევროპულ განწყობას ქვეყანაში ევროპის საქმიანობაც აძლირებს.

"ეს მართლაც დასავლეთისკენ ორიენტირებული ქვეყანაა. ცოტა ხნის წინ აქ გაიმართა ევროპის დღეები, ევროპა აქ ძალიან ბევრს აკეთებს, რაც აძლიერებს მოსახლეობის პრო-ევროპულ განწყობას", - აღნიშნავს მარტინა შვარცი.

გერმანიის ბიზნესაოციაცია 140 ქართულ და გერმანულ ფირმას აერთიანებს. სიუჟეტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირთან შეერთებას იმედოვნებს, ხოლო მას შემდეგ, რაც გასულ წელს, ქვეყანამ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ბევრი სავაჭრო ურთიერთობები დამყარდა.

„დოიჩე ველეს“ სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი კომერციული ცენტრის მშენებლობა. მშენებლობაში ჩართულია უმსხვილესი გერმანული კომპანია "კნაუფი", რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია. სიუჟეტის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს 4,7%-ით გაიზარდა და ამაში სამშენებლო ინდუსტრიას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის.

"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ ადვილი გახდა, საქართველოში წარმოებული საქონელი ევროპაში გავყიდოთ, რაც დამატებითი მოტივაციაა ინვესტორებისთვის", - აღნიშნავს სიუჟეტში "კნაუფის" გენერალური დირექტორი საქართველოში გიორგი ჯაფარიძე.

სიუჟეტის გადაღებისას მარტინა შვარცი ასევე "ნატახტარის" ლუდსახარშს ესტუმრა, სადაც რამდენიმე სახეობის ლიცენზირებული გერმანული ლუდი, მათ შორის, "ეფესი" იხარშება.

"ჩვენს ქვეყანას კარგი სამომავლო პერსპექტივა აქვს ევროკავშირთან ერთად. ხალხს იმედი აქვს, რომ უკეთესად ვიცხოვრებთ და საცხოვრებელი პირობების მაღალი სტანდარტები გვექნება", - აცხადებს  "ნატახტარის" თანამშრომელი გიორგი ფსუტური.