თინა ხიდაშელი სამიტის დეკლარაციაში ვიზალიბერალიზაციის მიღების თაობაზე კონკრეტული ვადის მითითების შესაძლებლობას ოპტიმისტურად უყურებს

თინა ხიდაშელი სამიტის დეკლარაციაში ვიზალიბერალიზაციის მიღების თაობაზე კონკრეტული ვადის მითითების შესაძლებლობას ოპტიმისტურად უყურებს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რიგის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღების თაობაზე კონკრეტული ვადის მითითების შესაძლებლობას ოპტიმისტურად უყურებს.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულიც საკმარისი მიღწევა იქნება.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რიგაში იმყოფება, სადაც უამრავი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკება და საუბარი ტექსტის საბოლოო ვერსიაზე. ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, ვინაიდან პრაქტიკულად არც ერთი განსხვავებული მოსაზრება არ მოგვისმენია იმისგან, რომ საქართველოსთვის ეს 6 თვე იყო ძალიან წარმატებული. ხუმრობა ხდება იმაზე, რომ რასაც მოლდოვამ 2 წელი მოანდომა, ჩვენ 6 თვეში დავასრულეთ. საუბარი მიმდინარეობს იმაზეც, რომ 2015 წლის ბოლო იქნება ის ეტაპი, როდესაც დამთავრდება ამ თემაზე საუბრები და ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს. დღეს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მხარე ითხოვს კონკრეტული თარიღის მითითებას, თუმცა დეკლარაციაში თვე და რიცხვი თუ არ იქნება მითითებული და ვადად 2015 წლის ბოლო განისაზღვრება, ვფიქრობ, ესეც უკვე საკმარისი მიღწევა იქნება. ჩვენ გვექნება კონკრეტული ვადა და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიღწევა აღარ იქნება რაღაც უსასრულობაში განფენილი მოლოდინი, რომ მას ოდესმე მოგვცემენ. ასე რომ, მე ოპტიმისტურად ვუყურებ დეკლარაციაში ამ ვადის დაფიქსირების შესაძლებლობას", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.