გაერო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება

გაერო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება

26 მაისს, ნიუ-იორკში გაერო-ს შტაბ-ბინაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ თემაზე ფოტო გამოფენა გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, A STORY OF INTERNAL DISPLACEMENT CAPTURED ON CAMERA - აერთიანებს ფოტო ნამუშევრებს, რომლებიც ასახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის რამდენიმე ტალღას და მათ ამჟამინდელ მდგომარეობას.

გაერო-ს შტაბ-ბინაში საქართველოსადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა პირველად ტარდება. ღონისძიება ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიუებას.

ეს გაერო-ს შენობაში საქართველოს მისიის ორგანიზებით გამართული პირველი ფოტო გამოფენა იქნება, რომელიც არა მხოლოდ კულტურული ღირებულების მატარებელი, არამედ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ მიზანს მოემსახურება.

ფოტო-გამოფენა წინ უძღვის 3 ივნისს დაგეგმილ გენერალური ასამბლეის სხდომას, რომლის დროსაც კენჭი ეყრება საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

გამოფენისთვის საქართველოს მისიამ გაეროში მოიძია 1990-იანი წლების ომის შემდგომ, კერძოდ, 1993 წლის ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს მოქალაქეების იძულებითი გადაადგილების პროცესის ამსახველი ფოტომასალა, მათ შორის ჭუბერის ხეობით დევნილების გადმოსვლის ამსახველი ფოტოები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძირითადად სამი უცხოელი ფოტორეპორტიორის მასალა, ესენია 1) ჯონ ჯონსი - ლონდონის სანდეი ტაიმსის ბრიტანელი ფოტოგრაფი. საყურადღებოა, რომ აღნიშნული კოლექცია ჭორლდ Pრესს 1993 პრიზით დაჯილდოვდა. 2) მალქომ ლინტონი - ბრიტანელი ომის ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი; 3) ენტონი სუაუ - ამერიკელი ნიუ-იორკში მოღვაწე ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი.