რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ 8 წელზე ადრე ბავშვი სკოლაში მისასვლელად ცოდოა

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ 8 წელზე ადრე ბავშვი სკოლაში მისასვლელად ცოდოა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ფსიქოლოგიის საკითხებში რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ 8 წელზე ადრე ბავშვი სკოლაში მისასვლელად ცოდოა.

რამაზ საყვარელიძე ესწრებოდა მშობლებისა და განათლების მინისტრის შეხვედრას სამინისტროში.

"ყველა ჩვენგანმა რაღაც ასაკი უნდა გაიაროს. თითოეული ასაკი ჩვენში რაღაცას ტოვებს. ბავშვობამ ადამიანში უნდა დატოვოს თამაში, თავისუფლება. ბებია-ბაბუა ეუბნება ბავშვს, შენ ხარ ჩემი მეფეო. მინიმუმ 6 წლამდე მეფესავით უნდა იყოს ბავშვი, მერე ორი წელი მოსამზადებელია, შემდეგ სასკოლო, ზურგს უკან ხელები და სამხედრო რეჟიმი. შემდეგ ის სამხედრო რეჟიმიც ეხალისებათ ბავშვებს, მაგრამ დროზე ადრე ცოდოა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრი თამარ სანიკიძე სასკოლო მზაობის პროგრამის სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მშობლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მშობლებმა შეხვედრა უშედეგოდ შეაფასეს. მათი თქმით, მინისტრს არგუმენტები არ ჰქონდა. თამარ სანიკიძეს ასევე შეხვდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, დეპუტატები კობა სუბელიანი და სერგო რატიანი. კობა სუბელიანის განცხადებით, დღეებისა და კვირების განსხვავებაზე მინისტრს არგუმენტები არ გააჩნია.

სამინისტროსთან დღეს მშობელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. აქციაზე ასევე იმყოფებოდა დეპუტატი კობა სუბელიანი და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნიკა მელია. აქციის მონაწილეები სკოლებში იმ ბავშვების დაშვებას ითხოვდნენ, რომელთაც ექვსი წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ.