აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში ელჩის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, იან კელის მოსმენა გაიმართა.
კელიმ მოხსენებაში აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ძალ-ღონეს არ დაიშურებს აშშ-ის ინტერესებისა და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების დაცვისთვის.
იან კელიმ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია:
"ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. უფრო მეტიც, რუსეთის მიერ გაფორმებულ ე.წ ხელშეკრულებებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან აბსოლუტურად არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია".
კელიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში საფრთხე ექმნება უმნიშვნელოვანეს პრინციპს - სუვერენული ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ ალიანსები და გაერთიანებები; მანვე გაუსვა ხაზი იმას, რომ აშშ და მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ნატო-ს წევრობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ჩათვლით და მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ამ მხრივ ვეტო გამოიყენოს.
კითხვებზე პასუხის დროს, იან კელიმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა აშშ-ის ერთ-ერთი საგარეო პრიორიტეტია და აშშ-ის ეროვნულ ინტერესს წარმოადგეს.
სენატორ კეინის კითხვა კი, საქართველოს მიერ რუსეთის გამოწვევების გამკლავებას შეეხო. მან იკითხა, თუ რა უნდა გააკეთოს აშშ-მა საქართველოს მხარდასაჭერად. იან კელიმ პასუხად განაცხადა, რომ ერთობლივი წვრთნები არის ყველაზე ხელშესახები და თვალსაჩინო დამხარება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე "როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ვითარება ცხადია მძიმეა, მითუმეტეს, რომ რუსეთი არ აპირებს ჯერ კიდევ 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, არამედ აძლიერებს სამხედრო ყოფნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ავლებს "საზღვრებს" და აყენებს სამეთვალყურეო კამერებს, არ უშვებს ევროკავშირის მონიტორებს, რისი ვალდებულებაც მან 2008 წლის ხელშეკრულებით აიღო. ზოგადად, ჩვენ ხშირად უნდა გავიმეოროთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ნატო-ში გაწევრიანებას და ევროპაში ინტეგრაციას",- აღნიშნა კელიმ.
ნატო-ს თემას ეხებოდა სენატორ მერფის კითხვაც: "ჩვენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას ვაკნინებთ, როდესაც არ გვაქვს გაფართოების რეალური, ხელშესახები გეგმა, რომელიც საქართველოსაც მოიცავდა; გასაგებია, რომ ეს რთულია ოკუპირებული და სადავო ტერიტორიების პირობებში, მაგრამ შეუძლებელი არ არის; რა არის ჩვენი მიდგომის წინაპირობები ახლა, რა უნდა მოხდეს რომ საქართველომ მიიღოს ნატოს წევრობ?".
იან კელიმ აღნიშნულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც 28 წევრი ქვეყნის კონსენსუსს ეყრდნობა; საქართველოში ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად კი აშშ ბევრს აკეთებს: "ჩვენ უნდა განვაგრძოთ იმის ხაზგასმა, რას ვაკეთებთ საქართველოს გასაწვრთნელად, ნატო-ს მისიებში ჩასაბმელად, მაგრამ თქვენ მიუთითეთ ყველაზე რთულ მომენტზე: აღნიშნეთ ის ფაქტი, რომ რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შელახული აქვს. ჩვენ უნდა დავრჩეთ ფოკუსირებული საბოლოო მიზანზე და დავუჭიროთ მხარი საქართველოს, გახდეს უფრო თავსებადოი ნატო-სთან, განაგრძოს თავდაცვის რეფორმები, რისთვისაც მრავალი პროგრამა გვაქვს, როგორც სახელმწიფო, ასევე თავდაცვის დეპარტამენტში. ასევე უნდა ვიყოთ მტკიცე და თანამიმდევრული რუსეთის არალეგალური ოკუპაციის უარყოფაში".
სენატორმა მერფიმ კი კითხვა რიგის სამიტთან და ვიზალიბერალიზაციის მოლოდინებთან დაკავშირებით დასვა. კერძოდ, დაინტერესდა, რას გააკეთებს იან კელი ან არ უნდა გააკეთოს აშშ-მა, რომ საქართველომ დროულად მიიღოს უვიზო მიმოსვლის უფლება ევროკავშირთან; კელიმ გაიმეორა, რომ აშშ-ს მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, შეუნარჩუნოს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ტრაექტორია და მნიშვნელოვანია, რომ ევროატლანტიკურმა თანამეგობრობამ აღნიშნოს საქართველოს პროგრესი, რაც ასევე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის საკითხსაც უკავშირდება. კელიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ზოგადად ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია აშშ-ის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს; იან კელის თქმით, დამტკიცების შემთხვევაში მისი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ევროინტეგრაციის ტრაექტორიის შენარჩუნება იქნება;