რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მონეტარული პოლიტიკა და ერთ-ერთი საუკეთესო პასუხები გვაქვს შოკებზე, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში წარადგინა.
რაც შეეხება ინტერვენციებს, მისი თქმით, ინტერვენციებს აქვს თავისი დანიშნულება.
"ინტერვენციები ეფექტურია მაშინ, როდესაც შოკი ძალიან მოკლევადიანია ან ე.წ. ნომინალური შოკის დროს, რომელიც გამოწვეულია რაღაც შიდა ცვლილებებით. როდესაც ჩვენ გვაქვს საგარეო მსხვილი შოკი, ინტერვენციების გამოყენება არაეფექტურია და ზედმეტი ინტერვენციები, პირიქით, კონტრპროდუქტიულია და ამით ჩვენ უფრო გავაუარესებდით მდგომარეობას", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელი შოკი თავისი შინაარსით შეიძლება ცოტა ნაკლებია, მაგრამ დაახლოებით ანალოგიურია იმ შოკისა, რომელიც ჩვენ გვქონდა 1998 წელს რეგიონში. გარდა ამისა, როგორც მესტვირიშვილმა აღნიშნა, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მონეტარული პოლიტიკა და ერთ-ერთი საუკეთესო პასუხები გვაქვს შოკებზე.
"რა თქმა უნდა, ეს დიდი შეღავათი არ არის იმისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული და ლარში კი შემოსავალი. ჩემი აზრით, 2014 წელსაც და აქამდეც მონეტარული პოლიტიკის კუთხით მაქსიმალური გაკეთდა", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.