ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმას, რომ მოკლევადიანად კურსის გაუმჯობესებით გრძელვადიან პერიოდში მისი მნიშვნელოვანი გაუფასურება გამოვიწვიოთ , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
დეპუტატები დაინტერესდნენ, რამდენად დროული და თანმიმდევრული იყო ეროვნული ბანკის ინტერვენციები.
როგორც არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც ყველაზე ოპტიმალურია საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, კერძოდ, მისი თქმით, მცირე ზომის, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი არის ყველაზე ოპტიმალური.
"მათ შორის ყველა პუბლიკაციაში, იგივე მთავრობის სტრატეგიაში ყველგან არის აღნიშნული, რომ ქვეყანაში არსებობს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ, როდესაც ჩვენ გვაქვს საგარეო შოკი, მისი გადმოცემა ქვეყნის ეკონომიკაზე მინიმალურად ხდება, რადგან გაცვლითი კურსი ამას თავისთავზე იღებს. შესაბამისად, რომ არ არსებობდეს კურსის მოქნილობა, იქნებოდა დიდი უმუშევრობა, ეკონომიკის მაღალი ვარდნა, რაც საბოლოო ჯამში გაცილებით მაღალ გაუფასურებას გამოიწვევდა", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანს ჰქონდა დიდი რაოდენობით რეზერვები და ცდილობდა კურსი შეენარჩუნებინა, თუმცა მალე მიხვდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა.
"ახლა უკვე აზერბაიჯანში კურსი უფრო მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა რამდენიმე მილიარდის რეზერვი დახარჯა", - განაცხადა მესტვირიშვილმა და აქვე მან სომხეთისა და მოლდოვას მაგალითები დაასახელა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს რეზერვების ხარჯვის ფუფუნება არ აქვს.
"რეზერვები არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რეზერვების მნიშვნელოვანი შემცირება ქვეყანაში კაპიტალის შემოდინების შემცირებას გამოიწვევს და ეს, რა თქმა უნდა, კურსზე უარყოფით გავლენას იქონიებს", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.
მისივე თქმით, ლარის გაუფასურების ძირითადი ფაქტორი იყო დოლარის გამყარება; გარდა ამისა, არსებობს მოლოდინები, რაც დამახასიათებელია მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმისთვის და ხდება კურსის მოკლევადიანი მერყეობა.
"ასევე, უნდა განვსაზღვროთ რა უფრო მნიშვნელოვანია, კურსის მოკლევადიანი მერყეობა, თუ გრძელვადიანი. რა თქმა უნდა, გრძელვადიანი კურსი არის მნიშვნელოვანი, თუ რა იქნება 6-9 თვის მერე, ამას აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე გადამწყვეტი როლი. ამიტომაც არის, რომ ცენტრალურ ბანკებს აძლევენ დამოუკიდებლობას, რომ იყოს ფასების სტაბილურობაზე ორიენტირებული და გადაწყვეტილებები მიიღოს ფასების სტაბილურობიდან გამომდინარე", - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მანდატის ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობს კურსზე გავლენა შეარბილოს, თუმცა ეროვნული ბანკის მანდატს გააჩნია გარკვეული საზღვრები.
"ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმას, რომ მოკლევადიანად ორი კვირით თუ ერთი თვით კურსის გაუმჯობესებით გამოვიწვიოთ კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება 3, 6 თვის ან თუნდაც ერთი წლის შემდეგ", - განაცხადა მესტვირიშვილმა და დასძინა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად არის შეფასებული.
"ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები შემოსაზღვრულია იმ ფაქტორებით, რაზეც ეროვნულ ბანკს პირდაპირი გავლენა არ აქვს, მათ შორის როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორებით" , - აღნიშნა მესტვირიშვილმა.