ილჰამ ალიევმა ბაქოში საქართველოს საგამოფენო ცენტრი დაათვალიერა

ილჰამ ალიევმა ბაქოში საქართველოს საგამოფენო ცენტრი დაათვალიერა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მიმდინარე გამოფენაზე - World Food Azerbaijan-2015 - საქართველოს საგამოფენო ცენტრი დაათვალიერა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოფენაში 47 ქვეყნის 250-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა საქართველოს 8 კომპანიამ: "სნო", "ნაბეღლავი", "მარნეულის სასურსათო ქარხანა", "ბაგრატიონი", "ბარამბო", "მილდიანი", "ევრონატი" და "ლივო".

ილჰამ ალიევს, რომელმაც საქართველოს საგამოფენო ცენტრი დაათვალიერა, ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ მიაწოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, "ასეთი მრავალფეროვანი და ფართო ექსპოზიცია ქართულმა მხარემ პირველად წარმოადგინა ბაქოში და მან ქართველ მეწარმეებს წარმატებები უსურვა".

გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურიშვილის ხელმძღვანელობით.