საქართველო რიგის სამიტის დეკლარაციის ტექსტში რამდენიმე შესწორებას ითხოვს

საქართველო რიგის სამიტის დეკლარაციის ტექსტში რამდენიმე შესწორებას ითხოვს

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები რიგის სამიტის დეკლარაციაში რამდენიმე ცვლილების შეტანას ითხოვენ. კერძოდ, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" დიპლომატიური წყაროებიდან გახდა ცნობილი, საქართველო ვიზალიბერალიზაციის შესახებ ჩანაწერში ითხოვს შემდეგი წინადადების ჩამატებას: "სამიტის მონაწილეები მისალმებიან საქართველოს მიერ, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხი პუნქტის გათვალისწინებით, მოკლე პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც აჩვენებს ქვეყნის ძლიერ ვალდებულებებს და იმ მცდელობების მასშტაბებს, რაც გაკეთდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მეორე ეტაპზეა და ასრულებს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, სამიტის მონაწილეები ადასტურებენ მზაობას, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპი შეჯამდეს 2015 წლის დასასრულისთვის, რის შემდეგაც საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტები აქვთ, უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ".

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შესწორების შეტანას ითხოვს უკრაინაც, თუმცა იმ განსხვავებით, არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსთვისაც.

მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ასევე ითხოვენ, რომ დეკლარაციის ევროპული მისწრაფებების ნაწილში ჩაემატოს შემდეგი წინადადება: "ისინი აცნობიერებენ, რომ ევროპული პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორებისათვის წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას დემოკრატიული და ეკონომიკური რეგორმების წარმატებული მომავლისთვის".

აღნიშნული სამი ქვეყანა ასევე ითხოვს, დოკუმენტის ტექსტში ჩაემატოს - "ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის ჩანაწერების გათვალისწინებით, ისინი თანმხდებიან, რომ ასოცირების შეთანხმებები არ შექმნის მცდარ წარმოდგენას და დატოვებს ღიად ასპირანტ პარტნიორებთან კავშირის სამომავლო განვითარების საკითხს".

საქართველო და უკრაინა ასევე კონფლიქტებთან დაკავშირებით რამდენიმე ჩანაწერის დამატებას ითხოვენ, კერძოდ, როდესაც საუბარია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ქართული და უკრაინული მხარის მოსაზრებით, უნდა ჩაემატოს წინადადება "უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა" ან "უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულმა ქმედებებმა ან საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის ფუნდამენტური პრინციპები არ არის გარანტირებული" ან - "უნდა იყოს დაცული 21-ე საუკუნეში ევროპის კონტინენტზე".

ამასთან, ქართული მხარე ითხოვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებასაც, კერძოდ: "სამიტის მონაწილეები ადასტურებენ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობენ ე.წ. შეთანხმებებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთსა და ცხინვალთან გააფორმა".