დეპუტატებს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე წარუდგენს

დეპუტატებს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე წარუდგენს

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიურ ანგარიშს მოისმენენ.

ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე არჩილ მესტვირიშვილი წარუდგენს. როგორც კომიტეტის დაწყებამდე მესტვირიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ანგარიში მოიცავს 2014 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.

"მათ შორის იმას, რა გაკეთდა მონეტარული პოლიტიკის კუთხით, რა გადაწყვეტილებები იყო მიღებული, როგორ გაიზარდა მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა, ასევე რა ხდებოდა ზედამხედველობის კუთხით და ჩვენ ორივე მიმართულებებით მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს. ასევე ვისაუბრებთ რა ხდებოდა ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხით, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომლებიც ანგარიშსწორებას, ასევე მონაცემთა დაცვის უსაფრთხოებას და სხვადასხვა იურიდიულ ცვლილებებს ეხება", - განაცხადა მესტვირიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული მონაცემები დეტალურადაა სებ-ის წლიურ ანგარიშში აღწერილი, რომელიც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

მისივე თქმით, ანგარიშის შემდგომი განხილვა მოხდება ორშაბათს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე და მასზე წლიურ ანგარიშს დეპუტატებს უკვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წარუდგენს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების სამთვიანი ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარმადგენს. ამის შემდეგ ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიური ანგარიშის მოსმენა მოხდება. გარდა ამისა, კიდევ ერთი საკითხი, რაც დღეს კომიტეტზე განიხილება, ეს არის 2014 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში.