კალიფორნიის შტატის სამხრეთით ნავთობის დაღვრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. "ბიბისის" ცნობით, ინციდენტის მიზეზი ქალაქ სანტა-ბარბარას ტერიტორიაზე ნავთობსადენის დაზიანება გახდა, რის გამოც 15 კილომეტრის სიგრძის სანაპირო ზოლი დაბინძურდა.
ადგილობრივი მთავრობის ცნობით, დაახლოებით 400 ათასი ლიტრი ნავთობი დაიღვარა. როგორც ნავთობკომპანია Plains All American Pipeline-ის წარმომადგენელი დარენ პალმერი აცხადებს, ნავთობი საათში 84 000 გალონის სისწრაფით მიედინებოდა, როდესაც მილსადენი დაზიანდა. აღნიშნული ნავთობსადენი 1991 წელს აშენდა და მას შემოწმება რამდენიმე კვირის წინ ჩაუტარდა. პალმერის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობას კომპანია იღებს და გაწმენდითი სამუშაოებისათვის საჭირო ყველა ხარჯს კომპანია გაიღებს. ამ დროისთვის ინციდენტი აღმოფხვრილია, თუმცა, თუ რა დრო დასჭირდება დაბიძნურებული გარემოს დასუფთავებას ჯერ უცნობია. მომხდარის გამო გარემოსდამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ დიდი რაოდენობით ნავთობის დაღვრა ველურ ბუნებას, ფრინველებსა და ვეშაპებს საფრთხეს შეუქმნის. კალიფორნიის შტატის გუბერნატორი, ჯერი ბრაუნი აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კალიფორნიის სანაპირო რაც შეიძლება მალე დასუფთავდეს.