რიგის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ სამიტის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობა, როგორც ფორმატი, უფრო ძლიერი გახდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი, სადაც მოხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განხილვა. ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი რომ ვნახოთ, აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთის ერთ-ერთი სამიზნეა და აღიქმება როგორც საფრთხე, რაც სერგეი ლავროვის გუშინდელმა განცხადებამაც დაადასტურა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ გამოიჩინოს პრინციპული პოზიცია ამ ძალიან წარმატებული ფორმატის გასაძლიერებლად", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სამიტზე ქართული მხარის მოლოდინებზე საუბრისას სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში წარმატებული სახელმწიფოს მაგალითია, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, წინ მიიწევს ვიზალიბერალიზაციისკენ, ატარებს რეფორმებს, აყალიბებს დემოკრატიულ, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხო მომავალ დაფუძნებულ ევროპულ საზოგადოებას, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა იყოს ძლიერი.
"რეფორმების განხორციელების მხრივ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია. იმედი გვაქვს, რომ განახლებული პოლიტიკის ფარგლებში ევროპა გააგრძელებს ინდივიდუალურ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან და რეფორმების მხარდაჭერას ამ ქვეყნებში, ეს შეეხება ასოცირების შეთანხმების შესრულებას, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესრულებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა თითოეული ქვეყნის დამსახურების საფუძველზე უნდა იყოს მიღებული და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ ლიდერი რეფორმების მხრივ და ამ თვალსაზრისით ევროკავშირისგან კიდევ უფრო მეტ დახმარებას მივიღებთ. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მოქალაქეები იმსახურებენ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს ევროკავშირის მხრიდან მათი ევროპული მომავლის შესახებ და ამ მხრივ მუშაობა ბოლო წუთამდე გაგრძელდება. როგორც იცით, არიან ამ პროცესის გულმხურვალე მხარდამჭერები, არიან თავშეკავებული წევრი სახელმწიფოები და ამ მიმართულებით ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცესს, ბაქრაძე ხაზს უსვამს, რომ საქართველომ უმოკლეს, 6-თვიან პერიოდში განახორციელა გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების უდიდესი ნაწილი და ევროკომისიის ბოლო ანგარიშშიც მითითებულია ამ უდიდესი პროგრესის შესახებ.
"შეგახსენებთ, რომ ჩვენ მხოლოდ 2013 წლის თებერვალში, ახალი ხელისუფლების პირობებში დავიწყეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება, მაშინ როდესაც მოლდოვამ ეს ორი წლით ადრე დაიწყო და მიუხედავად ამისა, მხოლოდ 6 თვეში შევასრულეთ მეორე ფაზით გათვალისწინებული ყველა ძირითადი მოთხოვნა, რისთვისაც სხვა სახელმწიფოებს წელიწადზე მეტი დასჭირდათ. ის, რომ რიგის სამიტის მეორე დღეს საქართველოს მოქალაქე უვიზოდ დაიწყებდა შენგენის ზონაში მიმოსვლას, ეს არც არავის უთქვამს და ეს თეორიაშიც არ შეიძლებოდა განხილულიყო გამომდინარე იქიდან, რომ ეს არა სამიტის, არამედ ევროკავშირის საბჭოს კომპეტენციაა, რომელმაც შემდგომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რეკომენდაციები, რომელიც ბოლო მოხსენებაში იყო წარმოდგენილი, სწორედ იმას გულისხმობს, რომ გამომდინარე აქედან, რომ მოკლე დროში განხორციელდა, ეს რეფორმები საჭიროებს პროგრესის დაკვირვებას; საჭიროებს ამ რეფორმების მდგრადობაზე დაკვირვებას, გულისხმობს გარკვეული მიმართულებებით კამპანიის წარმოებას, რაც ახალი კომპონენტი შემოვიდა ამ მიმართულებით. ანუ არის რეკომენდაციები, რომელიც ამ პროცესს თავის სრულ შედეგამდე მიიყვანს. პროცესზე დაკვირვება ევროკომისიის ინტერესშია, რომ ნახოს, როგორი იქნება ამ მიმართულებით პროგრესი, როგორი მდგრადი იქნება ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდება, როგორ გაგრძელდება ძალისხმევა ხელისუფლების მხრიდან ამ რეფორმების შენარჩუნებასა და განვითარებაზე, რათა მივიღოთ საბოლოოდ სრულყოფილი დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ უფრო გაგვიადვილდება საბოლოო პოლიტიკური შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პერიოდი დაეთმობა შემდგომ საბოლოო შედეგის მიღწევას, რომ საქართველოს მოქალაქემ რეალურად ბიომეტრული პასპორტით გადაკვეთოს შენგენის ზონა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, საქართველო რიგაში ჩადის როგორც რეფორმატორი ქვეყანა, სამაგალითო როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის მის მიერ გატარებული რეფორმებით, შესრულებული სამუშაოთი, ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის კუთხით უკვე არსებული შედეგებით, რომლის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე წლის პირველ კვარტალში 21%-ით გაიზარდა.
"ჩვენ ჩავდივართ კონკრეტული შედეგებით, რათა ვაჩვენოთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი წარმატებულია ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიც საქართველოა და მნიშვნელოვანია მისი გაძლიერება; ვაჩვენოთ, რომ მიდგომები უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს ისეთ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებიც რეფორმებს ახორციელებენ, რათა მივიღოთ უფრო ძლიერი აღმოსავლეთ პარტნიორობა. ჩვენთვის - საზოგადოებებისთვის, რომელიც უკრაინაში, მოლდოვაში საქართველოში მხარს უჭერს ამ პროცესს - ძლიერი პოლიტიკური გზავნილი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ამისთვის ბოლომდე ვიმუშავებთ და ვიბრძოლებთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება.