მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ლოცვა გუშინ ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგაც მე-12 კლასელები და აბიტურიენტები აკურთხა.
სადღესასწაულო წირვას კი პატრიარქი დღეს, საბურთალოზე, ამაღლების სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.
აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ.
ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.