განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ბუბა კუდავას მუშაობის საკითხით პროკურატურა დაინტერესდეს.
როგორც თამარ სანიკიძემ "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შესულია აუდიტის სამსახური, რომელიც მათ საქმიანობას სწავლობს.
"როგორი მენეჯერი იყო ბუბა კუდავა, ამას გვაჩვენებს აუდიტის სამსახური. მასში არის დარღვევებზე საუბარი. იქ ვერ დავადგინეთ წესი, რის მიხედვით ნაწილდებოდა ხელფასები. მივლინებაზე, ბიუჯეტირებაზე, შესყიდვების კანონის სისტემურ დარღვევებზეა საუბარი. ეს არის სამუშაო და გამოსასწორებელი. იმ არგუმენტებიდან, რაც იყო წარმოდგენელი, გაბათილებულია მხოლოდ ერთი პუნქტი. დანარჩენი პრეტენზიები დარჩა. არ არის გამორცხული ამაში პროკურატურა ჩაერთოს. კონტროლის პალატასაც მივმართავთ, რომ შეისწავლოს წინა წლების საქმიანობა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისი თქმით, ის პროტესტი, რომელიც დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან ფიქსირდება, შეიძლება იყოს პოლიტიკური. "ამ ადამიანებს ჰქონდათ არასწორი ინფორმაცია. ერთი, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მოხსნეს, მეორე იყო ლაილაშის ბიბლია და შენობა, რომ მას ჰყავს დაინტერესებული მხარე - ბიზნესი, რომლის უკანაც დგას "არემჯი" და იმის უკან არის ბიძინა ივანიშვილი, ესენი არის ტყუილი. აღარ არის დირექტორი, იმიტომ, რომ ამოეწურა ყველანაირი ვადა, რაც ჰქონდა. ჩვენ გადავნიშნეთ მოვალეობის შემსრულებლად, რადგან ის გათანაბრებულია საჯარო მოხელესთან, ეკუთვნის კონკურსის წესით დანიშვნა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისივე თქმით, გაფიცული თანამშრომლების თითქმის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. "ისინი ითხოვენ კანონის შეცვლას, მაგრამ ეს იყო მეათასე მიზეზი, დაიწყო ხელფასებით შემდეგ ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მოწესრიგებით, წამოვიდა ლაილაშის ბიბლია, შემდეგ წამოვიდა პოლიტიკური პროცესები და ბოლოს მეათასე მიზეზად დასახელდა კანონი. დღევანდელ კანონში ბევრი რამაა შესაცვლელი. მათ მოსწონთ ბუბა კუდავა და ეს არის შეუფერებელი კანდიდატურა. ახალ კანდიდატზეც ამბობენ, რომ ზაზა აბაშიძესთან არ აქვთ პრეტენზიები", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.