წინასწარი ინფორმაციით, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისა და ევროპული პერსპექტივის აღიარების მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას არ ითვალისწინებს.
სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დოკუმენტი საბოლოოდ 22 მაისს იქნება მიღებული. თუმცა მანამდე განცხადების სამუშაო პროექტმა უცხოურ მედიაში გაჟონა. პირველი სამუშაო ვერსია მიმდინარე წლის მარტში პოლონურმა რადიომ გაავრცელა, ოდნავ განსხვავებული იყო აპრილში "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებული დოკუმენტი.
"ევროკავშირის განცხადების პროექტი, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მომზადდა, არ ითვალისწინებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მნიშვნელოვან წინსვლას. ტექსტში არ არის ნახსენები კონკრეტული ზომები ინტეგრაციის გზაზე, თუმცა დადასტურებულია "თითოეული პარტნიორის სუვერენული უფლება", აირჩიოს, რა ამბიცია და მიზნები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში. ტექსტი გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ვილნიუსის დეკლარაცია, რომელიც ლიტვაში 2013 წლის სამიტზე მიიღეს", - წერს "რადიო თავისუფლება". "როიტერის" ცნობით კი, რიგის სამიტი მცირედს შესთავაზებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რამდენადაც "კრემლის მომავალი გამოწვევის შიშით, ევროკავშირმა საკუთარი ამბიციები შეასუსტა".
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ დოკუმენტზე მუშაობა ბოლომდე გაგრძელდება და ევროკავშირი, რუსეთის პოზიციის მიუხედავად, სიმტკიცეს გამოიჩენს.
"ყველა ასეთ ღონისძიებაზე, როგორიც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ან ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი ფორუმი, ჩვენი სამიზნე ყოველთვის არის მაქსიმუმის მაქსიმუმი, რის მიღწევასაც ვცდილობთ და რის მისაღწევადაც ძალისხმევას არ ვიშურებთ როგორც დედაქალაქებში, ისე ბრიუსელში. ჩვენ ყოველთვის ვუმიზნებთ ყველაზე მაღალ წერტილს. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება დეკლარაციას, მინდა დაგარწმუნოთ, მუშაობა ბოლომდე გაგრძელდება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით გამოიჩენს სიმტკიცეს და მიუხედავად იმ გზავნილებისა, რომელიც ბოლო პერიოდშიც გაჟღერდა, მათ შორის, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, იქნება მტკიცე აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ ძალიან წარმატებული ფორმატის გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად. ჩვენი კონტრიბუცია კი იქნება ის, რომ საქართველო ჩადის რიგაში როგორც რეფორმატორი ქვეყანა, სამაგალითო როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის – თავისი გატარებული რეფორმებით, შესრულებული სამუშაოთი, ასოცირების შეთანხმებით, თავისუფალი სავაჭრო სივრცის კუთხით უკვე არსებული შედეგებით. მაგალითად, 21%-ით გაიზარდა პირველ კვარტალში ექსპორტი ევროპულ ბაზარზე. ჩვენ კონკრეტული შედეგებით ჩავდივართ, რათა ვაჩვენოთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა, ეს მნიშვნელოვანი ფორმატი წარმატებულია ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიც საქართველოა და მნიშვნელოვანია მისი გაძლიერება. ჩვენთვის - საზოგადოებებისთვის, რომელიც უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში მხარს უჭერს ამ პროცესს, ძლიერი პოლიტიკური გზავნილი მნიშვნელოვანია და ამისთვის ბოლომდე ვიმუშავებთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი რიგაში დღეს გაიხსნება. პლენარული სესია კი, რომლის ბოლოს დეკლარაცია იქნება მიღებული, 22 მაისს გაიმართება.