საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რიგაში იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის კანცელარიიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური 21-22 მაისს მონაწილეობას მიიღებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტში, ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებებს, რომლებიც დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის პირველი შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრები საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერართან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისრტ ალექსის ციფრასთან.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპის სოციალისტური პარტიის ფორუმზე.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი იმყოფებიან, რიგას 22 მაისს დატოვებს.