საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მალტაში ვიზიტს აგრძელებს. დღეს დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანჯელო ფარუჯასთან გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების, ეკონომიკური, საკანონმდებლო და განათლების სფეროში თანამშრომლობის, ემიგრაციის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე შეთანხმდნენ, შეიქმნება საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და ანჯელო ფარუჯამ მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მალტა მყარად უჭერს მხარს ქართველი ერის ევროპულ მისწრაფებებს. „ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შევთანხმდით, დაუყოვნებლივ შეიქმნას მალტა-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე, რადგან გვაქვს გამოცდილება, რომ თუ მხარს არ დავუჭერთ და არ ვიქნებით სოლიდარულნი, არსებობს გლობალური გამოწვევები. ვისაუბრეთ ემიგრაციის, ტერორიზმის, „ისლამური სახელმწიფოს“ საკითხებზე, ვიცით, რომ საქართველოს ეს პრობლემები ეხება, ჰყავს დევნილები სირიიდან, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირები - ჩვენ შეგვიძლია, ამ კუთხით ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ მალტა ყოველთვის უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით და მე ვგულისხმობ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მალტა გააგრძელებს საქართველოს ხელშეწყობას “, - განაცხადა ანჯელო ფარუჯამ ერთობლივ ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმოდგენილი საქართველოს და მალტას საპარლამენტო დელეგაციები აქტიურად ითანამშრომლებენ.
„მწამს, რომ საქართველოს და მალტას შეუძლიათ ევროპაში, მსოფლიოში ჩვენი პოზიციების გაძლიერება და ჩვენ ვიმსახურებთ ამას, რადგან, მართალია, ჩვენი ქვეყნები პატარაა, მაგრამ ჩვენ გვსურს მშვიდობა, სოლიდარობა, რომ მსოფლიო გახდეს ნაკლებად საშიში, გვსურს ტერორიზმის და ყველა იმ პროცესის დამარცხება, რომელიც ხალხს აწუხებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ანჯელო ფარუჯას მადლობა გადაუხადა მალტას მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემისთვის. მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება პირველად მალტამ მოახდინა. „ძალიან სიმბოლური ნაბიჯია, მაგრამ მჯერა, რომ ეს სიმბოლური ნაბიჯი სხვა მრავალ საკითხში იქნება გამოხატული, კერძოდ, ამ დღეებში იმართება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება-აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში, სადაც საქართველოს ინტეგრაციის საკითხი იქნება განხილული, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. ჩვენ გვაქვს თქვენგან სიტყვა, რომ მალტა გააგრძელებს ამ ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, კერძოდ, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზეც. „ჩვენ შეგვიძლია, მოვძებნოთ ორმხრივად სარგებლიანი იდეები და პროექტები, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ, საქართველო გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც ევროპას და აზიას დააკავშირებს ერთმანეთთან. მჯერა, რომ გლობალიზაციის ეპოქაში, ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ იყვნენ არა მხოლოდ კარგი პარტნიორები, არამედ მოახდინონ დემონსტრირება, სიშორის მიუხედავად, როგორ შეუძლიათ დაეხმარონ ერთმანეთს და მიჰყვნენ ერთსა და იმავე, კოორდინირებულ პოლიტიკას, რომ ჩვენი ცხოვრება და მომავალი უფრო უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული იყოს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივ ბრიფინგზე.
დღესვე, საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მალტის ენერგეტიკისა და ჯანმრთელობის მინისტრთან, კონრად მიზისთან და ტურიზმის მინისტრთან, ედუარდ ზამიტ ლუისთან გამართავს.
ქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში დავით უსუფაშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე შედიან, მალტაში ვიზიტს 21 მაისს დაასრულებს.