საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და რაიონების გამგებლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე აჭარის რეგიონში დაგეგმილი პროექტები და ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხები განიხილეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა ახალი სამთავრობო პროგრამის - "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" პრიორიტეტებზე ისაუბრა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაინტერესებული ბიზნესმენების მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტი რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას, შეჩერებული და მიტოვებული საწარმოების აღდგენა-ამუშავებას და რეგიონების მოსახლეობის დასაქმებას ემსახურება. პრემიერ-მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ.