ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში მშენებარე ქარხანას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 971 961 დოლარია, საიდანაც 388 784 აშშ დოლარი სახელმწიფო თანადაფინანსება, 485 982 დოლარი კი შეღავათიანი აგროკრედიტია. ქარხანაში უკვე დამონტაჟებულია შესაბამისი დანადგარები და სამუშაოების დასრულების შემდეგ მასში 20-მდე ადამიანი დასაქმდება.
საწარმო პირველ წელს ათას ტონამდე ხილის გადამუშავებას გეგმავს, მომდევნო წლებში კი, გადასამუშავებელი ნედლეულის მოცულობა 3 ათას ტონას მიაღწევს. ხილის გადამუშავების შედეგად მიიღება ხილფაფის წარმოება, რომელსაც სპირტიანი სასმელების საწარმოებლად გამოიყენებენ.
ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო შპს "ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკას" ეკუთვნის, რომელიც ამავე ტერიტორიაზე ექსპერიმენტულ ჩაის ქარხანას ფლობს. საწარმო სეზონზე 200 ტონამდე დაუფასოებელ ჩაის აწარმოებს და პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. ქარხანაში დასაქმებულია 24 ადამიანი, ხოლო სეზონზე ჩაის პლანტაციებში 100-მდე ადგილობრივი იმუშავებს.