ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლები ზაზა აბაშიძის დირექტორად არჩევას სუბიექტურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ

ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლები ზაზა აბაშიძის დირექტორად არჩევას სუბიექტურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის არჩევას სუბიექტური გადაწყვეტილებას უწოდებენ და გამოცხადებული კონკურსის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია ცენტრის თანამშრომლების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გასაუბრება და კომისიის სხდომა გაიმართა. 

"კომისიის წევრები ძირითადად შედგებოდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისაგან. შედეგად, მიღებულ იქნა სუბიექტური გადაწყვეტილება და დირექტორად აირჩიეს ზაზა აბაშიძე. კომისიამ არ გაითვალისწინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა რეკომენდაცია", _ აცხადებენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მოვითხოვთ:
1. გაუქმდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები სრულ უნდობლობას ვუცხადებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ კომისიას, რადგან: 
კომისიის უმეტესობას წარმოადგენდა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული უწყების წარმომადგენლები; 
კანდიდატ ბუბა კუდავას სააპლიკაციო საბუთებს - ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მრავალრიცხოვან სარეკომენდაციო წერილებს, კომისიის წევრები არ გაცნობიან;
ამ ფონზე ბუნდოვანი და გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებისა და რომელი კონცეფციის საფუძველზე მოხდა დირექტორის კანდიდატის შერჩევა;
არ იყო გათვალისწინებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პოზიცია დირექტორის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით. კომისიაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პოზიციის გამომხატველი იყო მხოლოდ ერთი პიროვნება, რაც საკმარისი არ იქნებოდა ცენტრის ინტერესების დასაცავად. 
2. დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის სამეცნიერო საბჭოს, დირექტორის არჩევის უფლება 
ათწლეულების განმავლობაში ხელნაწერთა ინსტიტუტი, ხოლო 2007 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო თავად ირჩევდა დაწესებულების დირექტორს. 2011 წლიდან სამეცნიერო დაწესებულებებს დირექტორის არჩევის უფლება ჩამოერთვა. მოვითხოვთ, გაუქმდეს ამ საკითხთან დაკავშირებით კანონში შეტანილი უსამართლო ჩანაწერი და დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მიერ არჩეულ სამეცნიერო საბჭოს უფლება, თავად აირჩიოს ის ხელმძღვანელი, რომელიც პროფესიულად ხედავს ცენტრის განვითარების პერსპექტივას.
3. შეიცვალოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი უწყება
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს იმ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელ უწყებას. მოვითხოვთ, გადაეცეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი ფუნქცია საქართველოს პარლამენტს", _ ნათქვამია განცხადებაში.