ამერიკის შეერთებული შტატების სენატში "ამერიკის ქართული ასოციაციის" ყოველწლიური მიღება გაიმართა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას , ეროვნულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს მიეძღვნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას აშშ-ში საქართველოს საელჩოს, ქართული დიასპორისა და საქართველოს ამერიკელი მეგობრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიღებაზე საქართველოს განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სამახსოვრო ჯილდო სენატორ კრისტოფერ მერფის (დემოკრატი სენატორი კონექტიკუტიდან) გადაეცა. სენატორმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა ნატო-ში საქართველოს წევრობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის საჭიროება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ქართული დიასპორის წევრი ელისო კვიტაშვილი და ქართულ-ამერიკული ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი მამუკა წერეთელი.
ღონისძიება მიქელაძის სახელობის კავკასიური კვლევების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც ლევან მიქელაძის ფონდის ამერიკულ ფილიალს წარმოადგენს.