ე.წ. კაბელების საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მოსამართლის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობების შესახებ მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა და პროკურორებს და ადვოკატებს დამატებით ეცნობებათ იმის შესახებ, თუ როდის გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას.
როგორც დღევანდელი წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა, მოსამართლემ დღეს კიდევ ერთხელ მოისმინა მხარეების პოზიციები და მოსაზრებები წარდგენილ შუამდგომლობებთან დაკავშირებით.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსამართლე გაიზიარებს ჩვენს შუამდგომლობებს და დაცვის მხარის მტკიცებულებებს დაუშვებლად ცნობს, ხოლო ჩვენს მტკიცებულებებს დასაშვებად", - განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, დღეს ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომაზე წარადგინა ახალი მტკიცებულება, კერძოდ, "სილქნეტიდან" გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც საქმეს დაერთვება. ამასთან, პროკურორის თქმით, თუ რა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს ბრალდების მხარე, ნინო აღლემაშვილმა აღნიშნა, რომ ადვოკატების მტკიცებულებები კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული.
"მათ შორის გამოვყოფთ საინჟინრო ტექნიკურ ფინანსური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მოპოვების დროსაც არ იქნა გათვალისწინებული კანონის მოთხოვნები. კერძოდ, კანონისმიერი მესაკუთრისგან არ იყო თანხმობა მაგისტრალის შემოწმების შესახებ, რაც ცალსახად კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა", - განაცხადა პროკურორმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობას მოითხოვა სხვა მტკიცებულებებთან ერთად ბრალდების მხარემ.
პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ბრალდებულების ადვოკატმაც. როგორც ლევან სამუშიამ პროკურორის საპასუხოდ აღნიშნა, უმჯობესი იქნება ბრალდების მხარემ იზრუნოს საკუთარ დოკუმენტებზე, რომელიც ადვოკატის თქმით, მტკიცებულებების გარეშეა მოპოვებული.
"მიმაჩნია, რომ ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობები არის საფუძვლიანი და კანონის იმპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სასამართლო ჩვენს შუამდგომლობებს დააკმაყოფილებს. ჩვენ მოვითხოვეთ ბრალდების მხარის გარკვეული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა, მათ შორის ბრალის დადგენილებების დაუშვებლად ცნობა, ასევე, ექსპერტიზის დასკვნისა, რომელიც ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს დასკვნა კანონის იმპერატიულ მოთხოვნაზე დაყრდნობით დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნას ცნობილი. ბრლადების მხარე სამართლებრივ ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსვლას ვერ მოახერხებს, რადგან დანაშაული არ მომხდარა. რაც არ მომხდარა, იმის მტკიცებულებებს პროკურორები ვერ წარმოადგენენ", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
ადვოკატის თქმით, უკვე შემდეგ პროცესზე, რომლის თარიღის შესახებაც დაცვის მხარეს ეცნობება, სავარაუდოდ, მოხდება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენება.