აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ხელნაწერებთა მოჭედილი ყდების შესწავლა და დაზიანებების დიაგნოსტიკა განხორციელდა

აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ხელნაწერებთა მოჭედილი ყდების შესწავლა და დაზიანებების დიაგნოსტიკა განხორციელდა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროექტის "უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა (XI – XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერები)" და ალბომის "ქართული ხელნაწერების ჭედური ყდების" პრეზენტაცია გაიმართა. ასევე გამოიფინა ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერები მოჭედილი ყდებით.

პროექტი 2014 წლიდან საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერების მოჭედილი ყდების დეტალური შესწავლა და დაზიანებების დიაგნოსტიკა, სამომავლო რესტავრაციისა და კონსერვაციის მიზნით - მათ შორისაა ბექა და ბეშქენ ოპიზრების მიერ მოჭედილი წყაროსთავისა და ბერთის ოთხთავები, ალავერდის, გელათის, მოქვის, ვარძიის, ბიჭვინთის სახარებები და სხვა ხელნაწერები.

კვლევის პროცესში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ იტალიელი რესტავრატორი, ლითონის კონსერვაციიის სპეციალისტი მარია კრისტინა პასერი და ქართველი გემეოლოგი ია ახვლედიანი.

როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, პროექტის განმავლობაში შესწავლილ იქნა 56 მოჭედილი ყდა, იდენტიფიკაცია ჩაუტარდა 919 თვალს, რომელიც საკვლევ ყდებს ამკობს. დადგინდა ყდების ქიმიური შემადგენლობა, განისაზღვრა დაზიანებული ჭედური ყდების კონსერვაციის მეთოდოლოგია სამომავლო სამუშაოების ჩასატარებლად. ასევე გამოიცა ორი ალბომი "ქართული ხელნაწერის ჭედური ყდები" ქართულ და ინგლისურ ენაზე.

დღევანდელ პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.

"საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მას აქვს საოცარი ხელნაწერები. ბევრ მათგანს შესწავლა და აღდგენა სჭირდება. აშშ-ს საქართველოში აქვს პროგრამა, რომელსაც ჰქვია "კულტურული მემკვიდრეობის ელჩის ფონდი", რომლის ფარგლებშიც ჩვენ გარკვეულ თანხებს გამოვყოფთ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შესწავლისა და შენარჩუნების მიზნით", - განუცხადა ჟურნალისტებს რიჩარდ ნორლანდმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ამერიკის საელჩო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.