საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის შეფასებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს ანტალიაში, ნატო-ს მინისტერილაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ბერუჩაშვილის განცხადებით, ანტალიაში, ნატო-ს მინისტრთა შეხვედრა იყო ძალიან კარგი საშუალება დაგვეწყო დიალოგი ალიანსის პარტნიორებთან 2016 წლის ვარშავის სამიტის შესახებ და ამ მიმართულებით საქართველოს გეგმებთან დაკავშირებით.
"16 შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ალიანის პარტნიორებმა და მათ შორის იყო რასაკვირველია, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ასეთი სერიოზული განცხადება გააკეთა და გამოეხმაურა თურქეთის სამომავლო ხედვას ნატო-ს გაფართოების ფარგლებში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი, რომელიც არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ყველა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობის სფეროში, ასეთ მნიშვნელოვან გზავნილებს გვთავაზობს დღეს. ეს ჩვენ ასევე გვაძლევს საშუალებას გავააქტიუროთ მუშაობა.
რასაკვირველია, პროცესი ჯერ მხოლოდ დაიწყო. წინ არის ძალიან სერიოზული სამუშაო ალიანსის ყველა წევრებთან, რომელშიც ჩართული იქნება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე თავდაცვის სამინისტრო", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ნატო-ს მომდევნო სამიტის მიზანს საქართველოს, მაკედონიის, ბოსნიისა და მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება უნდა წარმოადგენდეს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ალიანსის გაფართოებას. ამ დროისთვის ოთხი კანდიდატი ქვეყანა გვყავს - მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია და საქართველო. ჩვენ ვისურვებთ, რომ 2016 წლის სამიტის მიზანი ნატო-ს გაფართოება იყოს", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
13-14 მაისს ანტალიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლების მიერ გამართული სამიტი უკრაინის და ავღანეთის საკითხებს მიეძღვნა.