EBRD

EBRD "ავერსი ფარმას" 10,9 მილიონი დოლარის ღირებულების სესხს გამოუყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი "ავერსი ფარმას" 10,9 მილიონი დოლარის ღირებულების სესხს გამოუყოფს.

შესაბამის შეთანხმებას დღეს EBRD-ის ყოვეწლიური შეხვედრის ფარგლებში მოეწერა ხელი. სესხი მოხმარდება თბილისში, 135-საწოლიანი ინფექციური დაავადებების საავადმყოფოს რეკონსტრუქციას და მარნეულში, 84-საწოლიანი ზოგადი პროფილის, მათ შორის, პედიატრიული და სამშობიარო მიმართულების საავადმყოფოს მშენებლობას. სესხის ნაწილი ფარმაცევტული პროდუქციის შეძენასა და პაციენტთა მედიკამენტებით მომარაგების გაუმჯობესებას მოხმარდება.

როგორც ხელმოწერის ცერემონიალზე, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ის მოხარულია, რომ კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე ხდება, როდესაც ხელშესახები შედეგი დგება თბილისში ჩატარებული EBRD-ის ყოვეწლიური შეხვედრისა.

"ეს არ არის ერთადერთი გარიგება, რომელიც დაიდო ყოვეწლიური შეხვედრის ფარგლებში. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა თბილისში ძალიან წარმატებული გამოდგა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.

EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა, ფილ ბენეტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თბილისში მიმდინარე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში უკვე ხელი მოეწერა საქართველოში 24 მილიონი ევროს ინვესტიციას და ის იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრის მეშვეობით წელს, საქართველოში, იმავე ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, რაც წინა წელს მოხდა, კერძოდ 200 მილიონი ევროს ოდენობით.