ფილიპ კარბერი:    რუსეთი უკრაინაში მასშტაბური შეტევისთვის ემზადება

ფილიპ კარბერი: რუსეთი უკრაინაში მასშტაბური შეტევისთვის ემზადება

რუსეთი უკრაინაში მასშტაბური შეტევისთვის ემზადება. ამის შესახებ განცხადება "ამერიკის ხმის" ცნობით, ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა, ფილიპ კარბერმა განაცხადა.

"რუსეთს ჰყავს ცალკე ტაქტიკური ჯგუფის ბატალიონი - ძალიან პატარა ქვედანაყოფები, რომლებსაც რუსები ახლა ბრიგადებად ამზადებენ. ეს კი დონბასის ტერიტორიაზე ხდება და არა რუსეთის. რუსი ოფიცრები და შტაბი, ასევე რუსული იარაღი და შეიარაღება დონბასშია. ერთადერთი მიზეზი, რატომაც მათ აღნიშნული რესურსი სჭირდებათ იქ - ეს რაც შეიძლება სწრაფად თავდასხმითი ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობაა", - განაცხადა კარბერმა.

მისივე თქმით, უკრაინაში მასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგება არამხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი დასავლეთი.

"20 მილიონი ადამიანი ლტოლვილად იქცევა. დღეს უკრაინაში აღმოსავლეთ რეგიონებიდან მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია. საომარი ოპერაციის დაწყების შემთხვევაში კი 10-დან 20 მილიონამდე უკრაინელი დაიწყებს დასავლეთ ქვეყნებში გადასვლას. ამ შემთხვევაში პუტინის მიერ დაკავებული ტერიტორიები საკმაოდ დიდი იქნება, თუმცა, თუ მან ეს გააკეთა, ევროპა მომდევნო 20-30 წელში სრულიად განსხვავებული გახდება", - აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა.

მისივე თქმით, ამ შესაძლო რთული ვითარებიდან გამოსვლის გზა დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა იქნება.