სხდომის ჩაშლაზე ,,ნაცმოძრაობის

სხდომის ჩაშლაზე ,,ნაცმოძრაობის" განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, კვორუმის პრობლემასთან დაკავშირებით ,,ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციაა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომავალში პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო იქნება გარკვეული სანქციების დაწესება.

,,უსიამოვნო ფაქტია სხდომის ჩაშლა. კიდევ კარგი, რომ არსებული საკითხები შეგვიძლია მომდევნო სხდომაზე განვიხილოთ. სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით ,,ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები არამარტო პოლიტიკური სპეკულაციაა, არამედ ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და დამოკიდებულებაა საკითხის მიმართ. უმრავლესობას მათ გარეშეც შეუძლია მუშაობა, მაგრამ არის საკითხები რომლებზეც უმჯობესია ვიკამათოთ. ძალიან გაგვიჭირდება მომავალში გარკვეული სანქციების გარეშე გაგრძელება პარლამენტის საქმიანობის. როცა არჩეული ხარ, გარკვეული პასუხისმგებლობა გაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე", - განაცხადა გია ვოლკსიმ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი ცუდად მუშაობს.

როგორც ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,

უმრავლესობას კვორუმის პრობლემები ხშირად აქვს და ისინი პარლამენტში მხოლოდ მაშინ მოდიან, როდესაც "სკამებია გადასანაწილებელი".

,,კვორუმის არსებობა და სხდომის გამართვა ეს არის უმრავლესობის ვალდებულობა. ოპოზიცია პარლამენტში ვართ, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ცხადდება სხდომაზე, როდესაც სკამებია გადასანაწილებელი, ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ასეთი პარლამენტი არ უნდა ჰყავდეს საქართველოს. პარლამენტი არ მუშაობს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ჩაიშალა.