ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პროკურატურაში განსახორციელებელი რეფორმა მთავარი პროკურორის პერსონალურ ცვლილებას არ ითვალისწინებს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პროკურატურის რეფორმით მთავარი პროკურორის არჩევის ლეგიტიმაცია იზრდება.
,,თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად მოკლე დროში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილება, ჩვენ ამ წელს მოვასწრებთ ამ რეფორმის განხილვას და მიღებას. შემდგომში დავიწყებთ მის განხორციელების პროცესს, რადგან პოლიტიკური ნებაა მოხდეს ეს რეფორმა. ამიტომაც ძალიან სწრაფად მომზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმა. ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა ამ პირველ ოთხწლიან ციკლში მოხდეს რეფორმების დასრულება ორივე უწყების, რაც არის მართლაც უმნიშვნელოვანესი შედეგების მომტანი. აღნიშნული რეფორმით მთავარი პროკურორის პერსონალურად ცვლილების საკითხი არ დგას. აქ საუბარია მისი არჩევის ლეგიტიმაციის გაზრდის საკითხზე. მას მაღალი ლეგიტიმაცია ექნება. გაიზრდება ანგარიშვალდებულობა და პარლამენტის როლიც", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ პარლამენტი იმის საშუალებას მისცემს, რომ წელს ახალი მთავარი პროკურორი აირჩიონ.
"ეს ყველაფერი პირდაპირ პასუხობს იმ მოთხოვნებს და სტანდარტებს, რომელსაც მრავალი წელი საქართველოს უყენებდა არაერთი საერთაშორისო ექსპერტი და ორგანიზაცია. სულ ბოლოს გამოითქვა დასაბუთებული რეკომენდაცია და კრიტიკა ეუთოს მხრიდანაც. მე იმედი მაქვს, პარლამენტში დისკუსიები გაგრძელდება. ამ რეფორმას დაამტკიცებს და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე წელს ჩვენ ავირჩიოთ საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი", - განაცხადა წულუკიანმა.