უმრავლესობის მუშაობა მხოლოდ პრეზიდენტის ვეტოს გადალახვით და მთავრობის დამტკიცებით განისაზღვრება

უმრავლესობის მუშაობა მხოლოდ პრეზიდენტის ვეტოს გადალახვით და მთავრობის დამტკიცებით განისაზღვრება

პარლამენტში უმრავლესობის მუშაობა მხოლოდ პრეზიდენტის ვეტოს გადალახვით და მთავრობის დამტკიცებით განისაზღვრება. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობას კვორუმის პრობლემა აქვს.

,,პარლამენტის მუშაობა არ არის მხოლოდ მთავრობის დამტკიცება ან პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა. როგორც წესი, უმრავლესობას კვორუმი არ აქვს ჩვენს გარეშე. თუ საქმე არ ეხება ივანიშვილისთვის ერთგულების დამტკიცებას ან სკამების გადანაწილებას, უმრავლესობის წევრები, როგორც წესი, არ დადიან პარლამენტში. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს მიუხედავად იმისა, რომ ვიყავით პარლამენტში არ გავიარეთ რეგისტრაცია და ამით მივმართეთ პოლიტიკურ ბოიკოტს, რადგან გუნდი არის სრულიად უუნარო და მათ არ გააჩნიათ არც უნარი და არ შესაძლებლობა, რომ მართონ ქვეყანა. მითუმეტეს დღეს, ჩვენ ვიმყოფებით უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში და მთავრობაც და პარლამენტიც 24 საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა.

დღეისთვის დანიშნული პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა; განმეორებითი რეგისტრაცია 67-მა დეპუტატმა გაირა, მაშინ როცა კვორუმი 76 დეპუტატია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პარლამენტში მეტი რაოდენობის დეპუტატი იმყოფებოდა, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში არ იმყოფებიან, რადგან სასამართლო სხდომას ესწრებიან, ხოლო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელი მივლინებით უცხოეთში იმყოფება, დეპუტატთა ნაწილი კი, EBRD -ის ღონისძიებებში მონაწილეობს.

უსუფაშვილის თქმით, მიმდინარე სასესიო კვირას განსახილველ საკითხებზე მსჯელობის მიზნით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იქნება მოწვეული.

კვორუმის მიზეზით სხდომა 13 მაისსაც ჩაიშალა.