"ისლამური სახელმწიფო" სირიის უძველეს ქალაქ პალმირას საფრთხეს უქმნის

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები სირიის უძველეს ქალაქ პალმირას მიუახლოვდნენ. "დოიჩე ველეს" ცნობით, არსებობს საშიშროება იმისა, რომ აღნიშნულმა ისტორიულმა ქალაქმაც იგივე ბედი გაიზიაროს, რაც სხვა იმ უძველესმა ქალაქებმა, რომლებიც ჯიჰადისტებმა ერაყში გაანადგურეს.

სირიის ანტიკვარიატის სამსახური საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს საჭირო ზომები მიიღოს ქვეყნის ტერიტორიაზე "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისთვის.

"ისინი ჯერჯერობით ქალაქში არ შესულან. მაგრამ თუ ასე მოხდა, მაშინ ყველაფერს გაანადგურებენ და ეს იქნება საერთაშორისო კატასტროფა", - განაცხადა ანტიკვარიატის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუნ ანდულკარიმმა.

პალმირა უძველესი არამეული ქალაქია, რომელიც სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი ცნობილია 2 000 წლის წინ აგებული ნაგებობებითა და ტაძრებით.