ევროპული ღირებულებები, რომელიც საქართველოში ინდივიდის სახით არსებობს, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში უნდა გადავიტანოთ

ევროპული ღირებულებები, რომელიც საქართველოში ინდივიდის სახით არსებობს, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში უნდა გადავიტანოთ

პრეზიდენტის შეფასებით, ევროპული ღირებულებები, რომელიც საქართველოში ინდივიდის სახით არსებობს, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში უნდა იქნას გადატანილი.

საქართველოს ევროპულ იდენტობასა და ღირებულებებზე გიორგი მარგველაშვილმა დღეს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"როდესაც უცხოეთში საქართველოს შესახებ ვსაუბრობ, ჩემი ერთ-ერთი პოსტულატი არის ის, რომ ქართული ლიტერატურა თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით და ღირებულებებით, ქართველი ადამიანი, როგორც ინდივიდი, ქართული ცხოვრების ყოველდღიურობა თავისი არსით არის ევროპული. ევროპული ღირებულებები ის ღირებულებებია, რომლის ირგვლივაც და რა სიბრტყეშიც ჩვენ ვარსებობთ. თუმცა, ჩვენი მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ბუნებრივი ევროპულობა, რომელიც არის ინდივიდის სახით ჩვენს რეალობაში, გადატანილი იქნას სოციალურ-პოლიტიკურ სისტემებში. ამ ევროპულობის ფონზე და ევროპულობის ხარჯზე ჩვენ უნდა ავაგოთ ჩვენი ცხოვრების ევროპული პოლიტიკური თარგი. ეს ამოცანა რთულია, რადგან ჩვენ როგორც ინდივიდები დიდი ხნის განმავლობაში ვიზრდებოდით ევროპულ ღირებულებებზე, ამ ტიპის ლიტერატურას ვკითხულობდით, ამ ტიპის ლიტერატურას და პოეზიას ვქმნიდით, მაგრამ არ გვქონდა შესაძლებლობა იმისა, შეგვექმნა ჩვენი კულტურის და იდენტობის იდენტური სახელმწიფო, რადგან სხვა იმპერიების მიერ ვიყავით დაპყრობილი და საკუთარი სახელმწიფოს შემოქმედების თავისუფლება არ გვქონდა. შესაბამისად, დღეს როცა ვარსებობთ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დგება არა უბრალოდ კალკირების, არამედ ქართული იდენტობის მსგვასი სახელმწიფოს შექმნის საჭიროება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

პრეზიდენტის ილიას უნივერსიტეტში მისვლა ილიას უნივერსიტეტის სოციალური კვლევებისა და კულტურის ინსტიტუტის ფარგლებში მოქმედ პროექტს უკავშირდება, რომელიც საუკეთესო ევროპული უნივერსიტეტებიდან ევროპელი მკვლევარებისა და პროფესორების ჩამოყვანას და მათ მიერ რეგულარული ლექციების და სემინარების ჩატარებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრისას აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, ასევე, ხორციელდება მთარგმნელობითი საქმიანობა, ტარდება საჯარო შეხვედრების სერია საბჭოთა მემკვიდრეობის თემაზე. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ილიას უნივერსიტეტმა შეიძინა ლიტერატურა ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებებში.