არსებული ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოს თანამშრომლობის ახალ მექანიზმს შესთავაზებს

არსებული ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოს თანამშრომლობის ახალ მექანიზმს შესთავაზებს

ევროკავშირი რიგის სამიტზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის თანამშრომლობის ახალი მექანიზმის შეთავაზებას გეგმავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა განუცხადა, თანამშრომლობის ახალი მექანიზმის შესახებ რიგის სამიტის ფინალურ დეკლარაციაში ჩაიწერება.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები აღნიშნული მექანიზმის ფორმაზე მიმდინარეობს.

"როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, რიგის სამიტის ფინალურ დეკლარაციაში სამ ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი მექანიზმის შემოღების შესახებ ჩაიწერება. ესენია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამაში ჩართული ექვსი ქვეყნიდან სამი - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომლებთანაც ევროკავშირს ასოცირების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს. საუბარია, რომ თანამშრომლობის ახალი მექანიზმი დაემყარება დიფერენციაციის პრინციპს, ანუ თუ აქამდე ევროკავშირი ექვსივე ქვეყანას ერთი სტანდარტით უდგებოდა, ახლა თითოეულს მიუდგება მისი პროგრესის მიხედვით. ეს, ამავე დროს, გულისხმობს "მეტი-მეტისთვის" პრინციპის გათვალისწინებასაც - რაც უფრო ბევრ და წარმატებულ რეფორმას განახორციელებს ესა თუ ის ქვეყანა, ევროკავშირი მეტად დაეხმარება", - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ექსპერტის შეფასებით, ევროკავშირი თანამშრომლობის ახალი მექანიზმის შემოღებით ცდილობს, უზრუნველყოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თაობაზე აღნიშნული სამი ქვეყნის პოზიტიური საზოგადოებრივი აზრის შენარჩუნება და მეორე მხრივ ეძებს გამოსავალს, ვინაიდან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროპულ პერსპექტივას ვერ სთავაზობს.

"პოლიტიკურად, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ სამ ქვეყანასთან, რომლებთანაც ასოცირების შესახებ შეთანხმება გაფორმებული აქვს, თანამშრომლობის ახალ მექანიზმის ქმნის იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოებში არ მოხდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების აზრის შეცვლა და პირიქით, შემცირდეს რუსული პროპაგანდისტული გავლენები. მეორე მხრივ – ინსტიტუციურად და სტრუქტურულად, ევროკავშირს ახალი მექანიზმი სჭირდება, რადგან ამ ქვეყნებს ვერ სთავაზობს ევროპულ პერსპექტივას, ისევე როგორც ნატო ვერ გვთავაზობს წევრობის სამოქმედო გეგმას და, ამ ეტაპზე სავიზო ლიბერალიზაციაც გაურკვეველი პერსპექტივის საკითხია. ამიტომ ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ უნდა შეიქმნას ახალი მექანიზმი, რომელიც საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან თანამშრომლობას რაიმე სახით უფრო გააღრმავებს და გასცდება "აღმოსავლეთის პარტნიორობის" არსებულ სტანდარტებს. ამით ევროკავშირი ცდილობს დაბალანსებას – ანუ, ამ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივას ვერ სთავაზობს და ამავე დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაც არ დააყენოს საფრთხის ქვეშ", - განმარტა ლევან ბოძაშვილმა.