დენი შესაძლოა, მხოლოდ სოციალურად დაუცველებს არ გაუძვირდეთ

დენი შესაძლოა, მხოლოდ სოციალურად დაუცველებს არ გაუძვირდეთ

დენის ტარიფის გაძვირების შემთხვევაში ხელისუფლებამ შესაძლოა სოციალური ტარიფის სუბსიდირება მოახდინოს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „კომერსანტის“ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც დენის ტარიფის შესაძლო სუბსიდირების პრინციპს ეხებოდა.

„დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, როდესაც დაასრულებენ ტარიფზე მუშაობას, შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა კალაძემ. მანამდე მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ტარიფის გაზრდის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან მოხდება სოციალურად დაუცველთა მიზნობრივი სუბსიდირება, რისთვისაც მათ ჯანდაცვის სამინისტროდან ბაზები უკვე მიიღეს და მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა.

რამდენიმე დღის წინ, ენერგეტიკის მინისტრმა იგივე თემაზე საუბრისას ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, მთავრობისგან მიზნობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილების მიღებას ელოდება. 

როგორც მინისტრმა განმარტა, მარეგულირებელ კომისიაში შესულია ენერგოკომპანიების განაცხადი ტარიფის გადახედვის თაობაზე. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა, რაზეც კომისიის გადაწყვეტილება 10 სექტემბრისთვის გახდება ცნობილი. კალაძე კომპანიების განაცხადს ტარიფების გადახედვაზე ლარის გაუფასურებით ხსნის.

”არ გამოვრიცხავ მოხდეს ელექტროენერგიის ტარიფის მატება, იყოს ამის გარდაუვალობა, თუმცა ეს მთავრობის მსჯელობის საგანი იქნება. შესაძლებელია ამ მიმართულებით გარკვეული მიზნობრივი სუბსიდირება განხორციელდეს", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.