დიმიტრი ხუნდაძე მაღალი თანამდებობის პირებს პრემიების აღებაზე თავშეკავებისკენ მოუწოდებს

დიმიტრი ხუნდაძე მაღალი თანამდებობის პირებს პრემიების აღებაზე თავშეკავებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მაღალი თანამდებობის პირებს პრემიების აღებაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" აცნობეს.

დეპუტატს მიზანშეწონილად მიმაჩნია, მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვან პრემიებზე, მინიმუმ, მიმდინარე საბიუჯეტო წლის ბოლომდე.

"მსურს აღვნიშნო საქართველოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ვგულისხმობ იბიარდის ღონისძიებას, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში პირველად ტარდება. ეს არის დიდი პატივი ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე დიდი მოლოდინი ეკონომიკური წინსვლისთვის. ჩნდება რეალური პერსპექტივა დიდი ინვესტიციების შემოდინების, რაც თავისთავად გააუმჯობესებს ქვეყანაში ეკონომიკურ და ასევე სოციალურ ვითარებას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არასახარბიელო სოციალური ფონია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველთათვის გავაორმაგეთ შემწეობა, მცირედით მაგრამ მაინც გავზარდეთ პენსიები, არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მდგომარეობა განსაკუთრებლ ყურადღებას საჭიროებს", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე წელს დაიგეგმა და ხორციელდება ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების შემცირება. დაგეგმილია კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გულისხმობს მდგომარეობის უსწრაფეს გაუმჯობესებას.

"იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 12%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, მიზანშეწონილად მიმაჩნია მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვან პრემიებზე მინიმუმ მიმდინარე საბიუჯეტო წლის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ პრემიების აღება არ არის კანონდარღვევა და მათ ეს დამსახურებისამებრ ეკუთვნით, ვიქრობ, ეს იქნება მათი მხრიდან თანადგომა საკუთარი მოსახლეობისადმი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.