პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებასა და სავიზო რეგულაციების გამარტივებას ითვალისწინებს.
მთავრობის საკანონმდებლო პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 87-ხმით, 1-ის წინააღმდეგ მიიღეს.
კანონპროექტი საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიან პირობებს ადგენს. საქართველოს ვიზების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვრება არა საკანონმდებლო, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული თავისებურებები.
ამავე პროექტით, საქართველოს ვიზის გამცემ ორგანოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განისაზღვრა, რომელსაც ელექტრონული ვიზების გაცემის შესაძლებლობა მიენიჭა.
განხორციელდა საქართველოს ვიზის კატეგორიების კორექტირება. ამასთან, მოქმედი კანონით განსაზღვრული ბინადრობის ნებართვის სახეებს ახალი სახე - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა დაემატა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. ასევე, საიმიგრაციო ვიზების კატეგორიას დაემატა ახალი სახე - D5 კატეგორია, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული ტიპის ბინადრობის ნებართვის და ვიზის შემოღება წაახალისებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლასა და ყოფნას, ასევე მათ მიერ უძრავი ქონების სექტორში ფულადი რესურსის ჩადებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას.