იანოშ ჰერმანი - 2015 არის წელი, როცა უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯი

იანოშ ჰერმანი - 2015 არის წელი, როცა უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯი

2015 არის ის წელი, როცა ჩვენ არა მარტო უნდა ვისაუბროთ ღირებულებებსა და ვალდებულებებზე, არამედ კონკრეტული ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირში ჩვენ, ევროკავშირელებმა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ორდღიან საპარლამენტთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს ევროკავშირის პოზიცია, როგორც საერთაშორისო აქტორის.

"ჩემთვის დიდი პატივია, ვისაუბრო აქ, ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე და ამ ბრწყინვალე დარბაზში. როცა პარლამენტში მოვდიოდი, ვნახე ლურჯი დროშა – საქართველოში მალე ევროპული კვირა გაიმართება. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, 2015 - ეს არის ის წელი, როცა ჩვენ არა მარტო უნდა ვისაუბროთ ღირებულებებსა და ვალდებულებებზე, არამედ კონკრეტული ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირში ჩვენ, ევროკავშირელებმა და ძალზედ მნიშვნელოვანია, ეს რთული გზა ერთად გავიაროთ. ევროკავშირმა გაიარა საშინელი ფინანსური კრიზისი, ახლა ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარეობს ეკონომიკის გამოჯანმრთელება, ეკონომიკური ზრდა და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. აღნიშნული დაგვეხმარება, უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ინტეგრაციის პროცესი. მნიშვნელოვანია ასევე გაძლიერდეს ევროკავშირის პოზიცია, როგორც საერთაშორისო აქტორის და, როგორც ჩვენ ხშირად ვამბობთ, გლობალური აქტორისა. ბუნებრივია, ეს პროცესი დაიწყო. რა თქმა უნდა, ამას ექნება გავლენა ევროკავშირის მიერ სამეზობლო პოლიტიკაზე", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
იანოშ ჰერმანის შეფასებით, "ჩვენს წინაშე დგას სერიოზული გამოწვევები".

"ეს არის გამოწვევები სამხრეთით და ეს არის უზარმაზარი გამოწვევები აღმოსავლეთით. დღეს არის მომენტი, როდესაც ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია სწორედ ერთად აღმოსავლეთ ევროპაში, რათა გავუძლოთ იმ ზეწოლას, რომლის წინაშეც ვდგავართ და აღდგეს სტაბულურობა ამ რეგიონში", - აღნიშნა მან.