დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლი სცემეს

დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლი სცემეს

არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის მძღოლი სცემეს. როგორც "რუსთავი 2" იუწყება, ინციდენტი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. 

თავად წიკლაურის თქმით, მის მძღოლს ფიზიკურად უცნობი პირები მაშინ გაუსწორდნენ, როცა თავად სახლში იმყოფებოდა. 

მისივე განმარტებით, ბაჩო კერმისაშვილმა მათგან თავის დაღწევა მოახერხა და შემთხვევის ადგილი მანქანით დატოვა, თუმცა თავდამსხმელები დაედევნენ. 

დეპუტატის მძღოლს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. იგი დიღმის პოლიციაში დაკითხეს.

"სახლთან მისულს, სადარბაზოსთან, კვლავ დამხვდა 4-5 ადამიანი. მას შემდეგ რაც გამოვიძახე ლიფტი და სახლში ავედი, ჩემს მძღოლს დაესხნენ თავს. კარგად გვახსოვს, ერთი წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას მე როგორ დამესხნენ თავს და ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ეს საქმე ყოფილიყო გამოძიებული. მაშინ, რომ საქმე გამოძიებულიყო და ის ადამიანები დასჯილიყვნენ, რომლებიც ასე უსაფრდებიან ადამიანებს სადარბაზოსთან, მსგავსი ფაქტები აღარ მოხდებოდა", - განაცხადა წიკლაურმა.

ადვოკატ გოგა ონიანის განცხადებით კი, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. 

"დაიწყო გამოძიება. არის კამერები, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს იმ ავტომობილის ნომერი, რომელიც ნუგზარ წიკლაურის მძღოლს დაედევნა და თუ შსს მოინდომებს, მას არ უნდა გაუჭირდეს ამ პირების მოძებნა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ როგორც წინა შემთხვევაში, ამის ნება არც ახლა იქნება", - აღნიშნა ონიანმა.