ახლად დანიშნული მინისტრები დღეს თავიანთ სამინისტროებში მივლენ და თანამშრომლებს შეხვდებიან. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი უწყებაში ყოფილ მინისტრ მინდია ჯანელიძესთან ერთად მივა. თანამშრომლებს გაეცნობიან ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრობის კანდიდატი გიგლა აგულაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მაისს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა და შემდეგ კი, სამი ახალი მინისტრის დანიშვნის ბრძანება გამოსცა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი.
რაც შეეხება კაბინეტის დანარჩენ წევრებს, მათი შემადგენლობა უცვლელია: ეკონომიკის სამინისტრო - გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის სამინისტრო - კახა კალაძე, ჯანდაცვის სამინისტრო - დავით სერგეენკო, დევნილთა სამინისტრო - სოზარ სუბარი, განათლება - თამარ სანიკიძე, სოფლის მეურნეობა - ოთარ დანელია, რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა - ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტრო - ნოდარ ხადური, კულტურის სამინისტრო – მიხეილ გიორგაძე, საგარეო საქმეთა სამინისტრო – თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის სამინისტრო – თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულების სამინისტრო – გიორგი მღებრიშვილი.
ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე – პაატა ზაქარეიშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე კი ისევ გელა დუმბაძეა წარდგენილი.
კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის ახალი შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად პრეზიდენტს გადაეგზავნება, შემდეგ – პარლამენტს. ეს პროცესი პრეზიდენტმა ერთი კვირით გადადო.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში ხელახალი ნდობის მიღება სჭირდება.