პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება შესაძლებელია მიმდინარე კვირაში მოხდეს.
როგორც დავით უსუფაშვილმა გუშინ ბიუროს სხდომაზე განმარტა, თუ პარლამენტში აზრთა შეჯერება მოხდება, საკითხის გატანა სავარაუდოდ შაბათისთვის გახდება შესაძლებელი.
"როგორ ჩანს დილიდან ამ პროცესების დაწყებას ველით. კონსულტაციები იყო ამ დღეების განმავლობაში პოლიტიკურ ჯგუფებთან. ვიცით ოპოზიციის დამოკიდებულება. მათ სურთ, მოუსმინონ მთავრობას და განიხილონ მათი პროგრამა. პლენარულ სხდომამდე პარლამენტში იმართება კომიტეტის სხდომები, სადაც მინისტრების მოსმენა მოხდება. როგორც ჩანს 3 პოლიტიკური ჯგუფის გრაფიკი გვაქვს შესადგენი, უმრავლესობა, უმცირესობა და "თავისუფლი დემოკრატები". Aასევე შესაძლებელია კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე ერთობლივი განხილვის ჩატარება, რომლის შემდეგ იმართება პარლამენტის ბიურო. თუკი შესაძლებელი იქნება ამ საკითხების ხვალ, კომიტეტის სხდომებზე მიღება, ჩვენ შევძლებთ პლენარული სხდომის შაბათს გამართვას. პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები გაიმართება, რათა გრაფიკი შევაჯეროთ. იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრები ქუთაისში არიან ჩამოსასვლელები, განხილვებს 9 საათზე ვერ დავიწყებთ. ამიტომ პლენარული სხდომა დილით გავმართოთ და შემდეგ მოსმენები გავაგრძელოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა გუშინ, ბიუროს სხდომაზე.