მანანა კობახიძე:    ქალის გამინისტრება არის პოზიტივი და მისაღები

მანანა კობახიძე: ქალის გამინისტრება არის პოზიტივი და მისაღები

ქალის გამინისტრება, ჩემთვის, როგორც ქალი პოლიტიკოსისთვის, არის პოზიტივი და მისაღები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რამდენად განიხილება თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის კანდიდატურა, კობახიძემ აღნიშნა, რომ კანდიდატებს თავად პრემიერ მინისტრი წარადგენს.

"პრემიერის ექსკლუზიური უფლებაა დაასახელოს, ვის სად განიხილავს, რომელ ვაკანსიაზე. მან უნდა წარმოგვიდგინოს კანდიდატები და თვითონ განახორციელოს ამ პირების დანიშვნა. შემდეგ უკვე პრეზიდენტმა უნდა წარმოგვიდგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა. ვიტყვი როგორც ქალი დეპუტატი, ქალის გამინისტრება, რა თქმა უნდა ჩემთვის, როგორც ქალი პოლიტიკოსისთვის, არის პოზიტივი და მისაღები. Dდანარჩენი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაასახელებს თავად პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად და დაველოდოთ მას", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა მინდია ჯანელიძე აღარ მოხვდეს და ის თინა ხიდაშელმა შეცვალოს. თავად ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მინისტრებთან დაკავშირებით განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს.

"ვერაფერს გეტყვით, რადგან პრემიერ-მინისტრი თავად გააკეთებს განცხადებას. მე დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან დაკავშირებით ბევრ თემაზე. ამაზე პრემიერი თავად გააკეთებს განცხადებას. როდესაც ხარ პოლიტიკაში, ყველაფერს ეთანხმები", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს. პრემიერმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება.