გამოძიების დასრულებამდე, დაუსაბუთებლად ქართველ ჯარისკაცებს

გამოძიების დასრულებამდე, დაუსაბუთებლად ქართველ ჯარისკაცებს

საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ეკა სირაძე-დელონე ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების მხრიდან, ბავშვების გაუპატიურებაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ეკა სირაძე-დელონე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, გამოძიების დასრულებამდე, დაუსაბუთებლად ქართველ ჯარისკაცებს "ტალახს ნუ ესვრიან".

"მეგობრებო, სამწუხაროა ის სკანდალი, რაც ატყდა ფრანგულ და შემდგომ უკვე ქართულ პრესაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, არასრულწლოვნების გაუპატიურების ირგვლივ, თითქოს ჩვენმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს 16 წლის გოგო. ალბათ საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა მინდა დადასტურებით განვაცხადო, რომ გაუპატიურების პერიოდად დასახელებულია 2013 წლის დეკემბარი - 2014 წლის ივნისი, ხოლო ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მხოლოდ 2014 წლის ივნისის შუა რიცხვებში ჩავიდნენ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დაუსაბუთებელ ტალახს ნუ ვესვრით ჩვენს ჯარს და ჯარისკაცებს ამ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს! სანამ ბრალი არ დადასტურებულა, უდანაშაულობის პრეზუმფცია ამბობს, რომ ყველა უდანაშაულოა!", - წერს ელჩი.

ფრანგულმა გამოცემებმა დღეს სკანდალური ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის მიხედვით, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. ადგილობრივები ფრანგ ჟურნალისტებს უყვებიან, თუ როგორ ძალადობდა 3 ქართველი სამხედრო 16 წლის გოგონაზე.

პირველად მომხდართან დაკავშირებით გუშინ "თჰე Gუარდიან"-მა დაწერა, სადაც საუბარი იყო გაეროს საიდუმლო ანგარიშზე, რომელშიც მოძალადეებად ფრანგ სამხედროებს მოიხსენიებდნენ. დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრანგი ჟურნალისტები საკუთარ რესპონდენტებზე დაყრდნობით ქართველი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.