გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსის მდგომარეობას

გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსის მდგომარეობას "პატარა ცვლილებას" უწოდებს

ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დოლართან მიმართებაში ლარის კურსის მდგომარეობას "პატარა ცვლილებას" უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა ლოგიკით, საქართველომ ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა დაიწყოს.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ლარის დევალვაციის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, სიტუაციის დასტაბილურებისთვის ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს.

"რაც შეეხება დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსს, მოგეხსენებათ, არის პატარა ცვლილებები, მაგრამ ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყოს. რაც შეეხება ოპონენტების განცხადებას, რომ რუსული რუბლი მყარდება, მინდა განვმარტო, რომ რუსეთში ხდება უკუკორექტირება, ვინაიდან იქ იყო 200%-იანი დევალვაცია. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის არის ხოლმე ზედმეტი, ზომაზე მეტი კონვერტაციები და ხდება უკუკორექტირება. ჩვენთან, ჩვენი სავალუტო კურსი თითქმის ახლოს არის ფუნდამენტთან, მე ვიტყოდი, რომ ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული დღეს. ყველა საფუძველი არსებობს იმის ვარაუდისთვის, რომ სერიოზულ ცვლილებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, პირიქთ, ზაფხულის პერიოდში აუცილებლად მოხდება სავალუტო რესურსის მეტი შემოდინება, ასევე წინასაპრივატიზაციო მომზადების პროცესი დასრულებულია და ბევრი ობიექტი გავა გასაყიდად. სწორედ ამიტომ არანაირი საფუძველი არ არის იმის, რომ იყოს სერიოზული გაუფასურება. მინდა ყველა დავამშვიდო ამ მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.