"მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, ხელი შეუწყოს ბანკის წარმომადგენლობით ოფისს საქმიანობაში"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერის განცხადებით, ბანკის წარმომადგენლობითი ოფისის დაარსებით, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც ქვეყნისთვის უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას ნიშნავს.

"როდესაც ევროპის საინვესტიციო ბანკს შევთავაზეთ წარმომადგენლობითი ოფისის საქართველოში გახსნა, თავდაპირველად, ეს წინადადება ერთი შეხედვით ძნელად განსახორციელებელი ჩანდა, თუმცა ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან გადადგმულმა შემხვედრმა ნაბიჯებმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი წინდადადება აბსოლუტურად დროული, აუცილებელი და მისაღები იყო ორივე მხარისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ბანკის ხელმძღვანელობას ოფისის გახსნის წინადადების მხარდაჭერისათვის. მივესალმები ევროპის საინვესტიციო ბანკის გადაწყვეტილებას, რომ ბანკის წარმომადგენლობით ოფისს რეგიონული მნიშვნელობა ექნება, რადგან იგი უზრუნველყოფს EIB-ის საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში, ხოლო მომავალში მისი საქმიანობა შესაძლებელია დამატებით რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდეს. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს მისწრაფებას გავხდეთ ეკონომიკური ჰაბი რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში და მთლიანად რეგიონში, ევროპის საინვესტიციო ბანკის და მისი წარმომადგენლობითი ოფისის საქმიანობა იქნება ეფექტიანი და დრო გვაჩვენებს, რომ წარმომადგენლობითი ოფისის საქართველოში გახსნა სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილება იყო, რადგან საქართველო ბუნებრივად წარმოადგენს რეგიონულ ცენტრს რისი ნათელი მაგალითია საქართველოში მოქმედი, მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ქვეყნების წარმომადგენლობითი ოფისების სიმრავლე", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობა

და მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის როლის გაზდას რეგიონში და რეგიონალური ეკონომიკური კავშირების განვითარებას. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერი თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებსაც შეეხო.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი, რომელიც წელს 13-15 მაისს გაიმართება, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს გამართონ ორმხრივი შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებთან და დაამყარონ საქმიანი კავშირები სხვადასხვა ქვეყნების წამყვან კომპანიებთან. ასეთი მასშტაბის ღონისძიებისთვის საქართველოს ჯერ არ უმასპინძლია. ასევე, აღვნიშნავ შავი ზღვის ქვეყნების ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას და ბიზნეს ფორუმს, რომელიც ასევე თბილისში 19-21 ივნისს გაიმართება და რომელიც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ახალი ბიზნესკავშირების დასამყარებლად და არსებული კავშირების გასანვითარებლად. ოქტომბრში, ჩემი ინიციატივით გაიმართება მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენცია - "აბრეშუმის გზის ფორუმი", რომლის ძირითადი მიზანი ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობა იქნება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან, როგორც ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მთავარი მიზნების მისაღწევად, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება.

"ჩვენი მხრივ, მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს მჭიდროდ ითანამშრომლოს, ხელი შეუწყოს ბანკის წარმომადგენლობით ოფისს მისი საქმიანობის და საინვესტიციო მიზნების სრულად განხორციელებაში", - განაცხადა პრემიერმა.