საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღეს ისეთივე ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს, რომელიც აქამდე ჰყავდა.
როგორც უსუფაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ თემაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება უსაფუძვლოა.
"სრულიად ცალსახად შემიძლია მოგახსენოთ, რომ მოქმედი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, საქართველოს ამ წუთის მდგომარეობით ჰყავს ისეთივე ლეგიტიმური, ისეთივე უფლებამოსილი, ნდობით აღჭურვილი მთავრობა, როგორიც ჰყავდა ორი დღის წინ, ორი თვის წინ, ერთი წლის წინ და ა.შ.
მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირი ნაკლული, ნახევრად უფლებამოსილი, უუფლებო მთავრობის არსებობას. ეს გამორიცხულია ჩვენი კონსტიტუციური მოდელით, ისევე, როგორც სხვა ქვეყანაში", - განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მოქმედი მთავრობა აღარ არის უფლებამოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნილია ახალი მთავრობა, ყველა სხვა შემთხვევაში მოქმედი მთავრობა აგრძელებს თავის ფუნქციონირებას სრულფასოვნად, სრული უფლებამოსილებით, სრული ნდობით და ა.შ.
რაც შეეხება იმას, რომ მთავრობის წევრთა 1/3-ით განახლების შემდეგ, მთავრობას სჭირდება ხელახლა ნდობის დადასტურება პარლამენტში, უსუფაშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს არა იმას, რომ 1/3 თუ შეიცვალა მთავრობაში, მას ნდობა აღარ აქვს.
"ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მომენტიდან ძალიან მკაფიოდ განსაზღვრულ ვადებში უნდა მოხდეს მთავრობის მობრძანება პარლამენტში, მისი პროგრამის მოსმენა, იმ სიახლეების მოსმენა რაც შესაძლებელია გამოიწვია ამ ცვლილებებმა, ან შესაძლოა არ გამოუწვევია და კენჭისყრა.
ასე, რომ ჩვენ არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ პოლიტიკურადაც რაიმე მთავრობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე შეიძლება ვისაუბროთ, თუკი მთავრობა მოვიდა და პარლამენტმა მას ნდობა არ გამოუცხადა. ამის შემდეგაც მთავრობა რჩება იურიდიულად სრულიად უფლებამოსილი, მაგრამ ბუნებრივია, რჩება პოლიტიკური ლეგიტიმაციის სიმცირე და ასეთ შემთხვევაში უკვე იწყება იმავე მთავრობის ხელახლა დამტკიცების ან ახალი მთავრობის პროცედურები. მანამდე, არანაირი ცვლილება სამართლებრივ თუ პოლიტიკურ მდგომარეობაში მთავრობასთან დაკავშირებით არ არსებობს",- განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება კონკრეტულად ვადებს, პროგრამის წარმოდგენას და ა.შ. უსუფაშვილის განცხადებით, ეს ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი კონსტიტუციასა და კანონებში.
მისივე თქმით, ვაკანტური თანამდებობის შესავსებად პრემიერ-მინისტრს ორკვირიანი ვადა აქვს და შეუძლია და სრულად გამოიყენოს ან უფრო მალე მიიღოს გადაწყვეტილება და როდესაც ვაკანტური თანამდებობები შეივსება, ამის შემდეგ პრეზიდენტი აგზავნის მთავრობის შემადგენლობას პარლამენტში, პარლამენტმა შვიდი დღის ვადაში უნდა განიხილოს მთავრობის შემადგენლობა, მისი პროგრამა და პლენარულ სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება.
"ეს არის დადგენილი პროცედურა, ასეთ შემთხვევაში, ვადებში შვიდ დღეში, რვა დღეში შაბათ-კვირა ითვლება ჩვეულებრივ დღედ. ყოფილა შემთხვევები შაბათ-კვირას მომხდარა ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. ასე, რომ პროცესი გახსნილია პარლამენტი მზად იქნება, რომ რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ამ თემებზე გადაწყვეტილებები მიიღოს, მათ შორის ოპოზიციას აქვს უფლება მოუსმინოს მთავრობას და მოისმინოს მისი პროგრამა. ეს ყველაფერი ჩატარდება. ეს პირველი არ არის. შარშან ზაფხულში ზუსტად ასეთი პროცესი გავიარეთ, ამიტომ სამართლებრივი თუ პოლიტიკური სპეკულაციები ეს არის სრულიად უსაგნო და ეს არის ჩველებრივი ევროპული პრაქტიკა, როდესაც მთავრობა ხელახალი ნდობის მისაღებად მიდის პარლამენტში არა იმიტომ, რომ მან ნდობა დაკარგა, არამედ იმიტომ, რომ გადამოწმდეს იმ ცვლილებების შემდეგ, პარლამენტს ხომ არ გაუჩნდა სხვა აზრი, თორემ მთავრობა აგრძელებს მუშაობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.