საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2015 წლის პირველი კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 3.2% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 %, ხოლო 2015 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,2 % შეადგინა.
"2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.