ვახუშტი მენაბდე - მოცემულ სიტუაციაში ნდობაამოწურული მთავრობის წინაშე ვდგავართ

ვახუშტი მენაბდე - მოცემულ სიტუაციაში ნდობაამოწურული მთავრობის წინაშე ვდგავართ

მოცემულ სიტუაციაში ნდობაამოწურული მთავრობის წინაშე ვდგავართ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

მენაბდის განმარტებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა ერთკვირიან ვადაში უნდა წარუდგინოს და "ახალი მინისტრების დასანიშნად არავითარი ორკვირიანი ლოდინი საჭირო არ არის, რადგან მთავრობის ნდობის ლიმიტი ამოწურულია". 

"საქართველოს კონსტიტუცია ძალიან ცალსახად ამბობს ერთ რამეს – როდესაც საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, თუ მთავრობა 1/3-ით შეიცვლება, მაშინ ის ხელახალ ნდობას საჭიროებს, რადგან კონსტიტუცია თვლის, რომ მთავრობა, რომელსაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა, სახეზე აღარ გვყავს, რადგან 1/3-ით განახლებით არსებითად იმდენად შეიცვალა და თვისობრივად აღარ ემთხვევა მთავრობას, რომელმაც პარლამენტის ნდობა მიიღო. რაც შეეხება მთავრობის განახლებას და კითხვას იმის შესახებ, როდიდან ჩაითვლება მთავრობა განახლებულად – მაშინ როდესაც მინისტრი გადადგება, თუ მაშინ, როცა მის ნაცვლად ახალი დაინიშნება. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საუბარია მინისტრის გადადგომაზე, რადგან კონსტიტუციას აინტერესებს არა ახალი რეალობა, რომელიც ახალი მინისტრის დანიშვნით იქმნება, არამედ ის ახალი რეალობა, რომელიც იქნება მინისტრის გადადგომით, ანუ ნდობა იწურება მაშინ, როცა მინისტრი თანამდებობიდან მიდის. მოცემულ სიტუაციაში ვდგავართ ნდობაამოწურული მთავრობის წინაშე. შექმნილი რეალობა გვეუბნება, რომ მთავრობას ნდობა არა აქვს. არავითარი ორი კვირის ლოდინი ახალი მინისტრების დასანიშნად, საჭირო არ არის", - აცხადებს ვახუშტი მენაბდე. 

მისივე თქმით, ოთხშაბათიდან აითვლება ის ერთკვიარინი ვადა, როცა პრეზიდენტმა პარლამენტს ნდობისთვის მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.

"საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა გუნდმა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პრეზიდენტს საკუთარი სურვილით შერჩეულ მინისტრობის კანდიდატებს შესთავაზებს და ამის შემდეგ პრეზიდენტი საკუთარი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მთავრობას საკანონმდებლო ორგანოში წარადგენს. ეს ყველაფერი დღეიდან ერთი კვირის ვადაში უნდა მოხდეს. ამის შემდეგ იწყება პროცედურა, როცა პარლამენტს აქვს ერთი კვირის ვადა იმისთვის, ნდობა გამოუცხადოს მთავრობას. თუკი პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს, მაშინ მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში 30 დღეში კიდევ იქნება წარდგენილი და თუ მთავრობა კიდევ ვერ მიიღებს ნდობას, ამის შემდეგ, შვიდ დღეში, პრეზიდენტმა პარლამენტის 2/5-ის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა უნდა წარადგინოს. თუკი ამ შემთხვევაშიც ვერ მოხდება ნდობის გამოცხადება, მაშინ პრეზიდენტი ვალდებული იქნება სამი დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი", - განმარტავს ვახუშტი მენაბდე. 

გარდა ამისა, მენაბდემ აღნიშნა, რომ თუკი პარლამენტს თვითდათხოვნა სურს, უმრავლესობას შეუძლია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა საერთოდ არ წარადგინოს და თუ პარლამენტში ის 2/5-იც ვერ მოგროვდება, ვინც პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, მაშინ პრეზიდენტს დღიდან ორ კვირაში პარლამენტის გაშვება შეეძლება.