ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებლის მამუკა ჟღენტის შეფასებით, რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტით ყველაზე უკმაყოფილო საქართველო უნდა იყოს.
როგორც მამუკა ჟღენტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის გადმოცემული რიგის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის პროექტი, სამწუხაროდ, ძალიან სუსტია და პარტნიორებს ახალს თითქმის არაფერს სთავაზობს.
"დღეს არსებული ტექსტი ჯერ კიდევ პროექტია, რომლის "გამოსწორებაც" ცალ-ცალკე და ერთობლივი ძალისხმევით უნდა შეძლონ იმ პარტნიორმა სახელმწიფოებმა, ვისაც ამის ინტერესი უნდა გააჩნდეს. აქ, რა თქმა უნდა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვას რესპუბლიკა მოიაზრება. რამდენად მოხერხდება ეს, დრო გვაჩვენებს. ყველაზე უკმაყოფილო არსებული პროექტით ამ სამი სახელმწიფოდან, ალბათ, მაინც საქართველო უნდა იყოს. უკრაინას იმით შეუძლია თავი დაიმშვიდოს, რომ დეკლარაციაში ყველაზე მეტი საუბარია სწორედ უკრაინაზე და ცალკე, დეტალურად არის დაფიქსირებული ევროკავშირის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის მთავარი ამოცანა სავარაუდოდ იქნება, რომ დეკლარაციაში უფრო ნათლად ჩამოყალიბდეს ე.წ. მორე ფორ მორე (მეტი მეტისთვის) პრინციპის მოქმედება, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა წევრთან და დღეს არსებულ რეალიებში უკვე თუნდაც უკრაინასთან და საქართველოსთან ერთ ჯგუფში ყოფნა, მის ინტერესებში არ შედის", - აცხადებს მამუკა ჟღენტი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს მომლაპარაკებელთა ამოცანა ბევრად უფრო რთული იქნება.
"პირველ ყოვლისა, აუცილებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხისადმი ევროპელი პარტნიორების მინიმუმ ორჯერ უფრო მკვეთრი პოზიციის დაფიქსირების უზრუნველყოფა. დღევანდელი პროექტის თანახმად, უკრაინის პრობლემატიკაზე ცალკე არის საუბარი, ხოლო მოლდოვას, სომხეთ-აზერბაიჯანისა და საქართველოს კონფლიქტები (ამ რიგითობით) გაერთიანებულია ერთ აბზაცში. დეკლარაცია, "ხაზს უსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოში კონფლიქტის მოგვარების მცდელობისადმი, ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეობის გზისა და EUMM-ის ადგილზე ყოფნის ჩათვლით". არათუ რუსეთი, ტერმინი ოკუპაციაც არ არის ნახსენები. უკრაინასთან მიმართებაში კი, ჩვენგან განსხვავებით, ბევრად უფრო ნათლად და არაორაზროვნად არის მითითებული", - განაცხადა მამუკა ჟღენტმა და დასძინა, რომ "ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც უკანასკნელი ორი წლის უგუნური საგარეო პოლიტიკის შედეგად მივიღეთ". თუმცა, დიპლომატის შეფასებით, აღნიშნული ჩანაწერი ბევრად უკეთესია იმ განცხადებებზე, რასაც ყოველდღიურად ვისმენთ თუნდაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მამუკა ჟღენტის თქმით, პირადად ის ნამდვილად არ ელოდებოდა, რომ რიგაში საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმს მიანიჭებდნენ.
"ამის თაობაზე არაერთხელ განმიცხადებია და ამაში საქართველოს მთავრობის მარცხს ნამდვილად ვერ დავინახავდი. დღესაც მიმაჩნია, რომ თუ უვიზო მიმოსვლის მიღება 2016 წლის შემოდგომამდე მოხერხდება, ეს სერიოზული წარმატება იქნება. ამასთან, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ დეკლარაციის პროექტში ამ საკითხზეც აუცილებელია მუშაობა. ჩვენი და უკრაინის ამ კონტექსტში ერთ წინადადებაში ხსენება არასასურველად მიმაჩნია, ვინაიდან აღნიშნულმა ჩანაწერმა, შესაძლებელია, მომავალში კონკრეტული პრობლემები შეგვიქმნას", - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.
მისივე თქმით, პარტნიორების ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ტექსტის გასაუმჯობესებლად სასურველი იქნებოდა პარტნიორი სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევა.
"დღეს არსებული ვერსია აღიარებს პარტნიორების შემდგომი ინტეგრაციის სურვილისა და ევროკავშირის წევრთა პოზიციების მნიშვნელობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სრული ევროპული ინტერგაციის შესაძლებლობაზე პოზიციის დაფიქსირება მომავალ დროში გადატანილია. აქ უნდა დავაზუსტო - არა თვით სრული ინტეგრაციის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება არის გადატანილი, არამედ ამ გადაწყვეტილების მიღება-არმიღების საკითხზე პოზიციის დაფიქსირება არ ხდება არსებულ ტექსტში. რიგა რამდენიმე კვირაშია და ვნახოთ, რას მივაღწევთ?!", - აცხადებს მამუკა ჟღენტი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება. მანამდე ორი თვით ადრე პოლონურ მედიაში გავრცელდა სამიტის დეკლარაციის პროექტი და აღინიშნა, რომ "ევროკავშირს თავისი აღმოსავლელი პარტნიორებისთვის რიგის სამიტზე არაფერი აქვს შესათავაზებელი". გუშინ კი, დეკლარაციის პროექტის ბოლო ვერსია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 6 სახელმწიფოს უკვე დაეგზავნა, "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა. "რადიო თავისუფლების" ცნობით, რიგის სამიტი, სავარაუდოდ, გააწბილებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, ვინაიდან სამიტის განცხადების პროექტში არ არის ნახსენები კონკრეტული ზომები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა დადასტურებულია "თითოეული პარტნიორის სუვერენული უფლება", აირჩიოს, რა ამბიცია და მიზნები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში.